ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მასპინძლობს. დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტი მაკრონი თეთრ სახლში დღეს მიიღო. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის მთავარი თემები ირანის ბირთვული პროგრამა, სირიაში მიმდინარე ომი და შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს შორის სავაჭრო-ეკონომიკური საკითხებია. ორი ქვეყნის ლიდერმა, თეთრ სახლში, საერთო პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციის მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამის და სირიაში მიმდინარე მოვლენების გარშემო ორი ქვეყნის თანამშრომლობა იყო.
„სირიაში ჩვენ ვთანამშრომლობთ, „ISIS“-ის და ტერორისტების წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში. ჩვენ გამარჯვებამდე ერთად ამ ჩარჩოში გავაგრძელებთ მოქმედებას. ამასთან, გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ მშვიდობის მიღწევა და სირიის რეგიონული ჰეგემონიის ქვეშ მოქცევის თავიდან არიდება გვსურს. ამ მიზნით, ჩვენ მიდგომაზე შევთანხმდით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას მთელი რეგიონის მდგომარეობაზე ვიმუშავოთ. ამ ქმედებებით ჩვენ იმედი გვაქვს შევაკავებთ რეგიონში ირანის ქმედებებს“, - განაცხადა მაკრონმა.
ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტი შეეცდება დაარწმუნოს ამერიკელი კოლეგა არ დატოვოს ირანის შეთანხმება. პრეზიდენტი მაკრონი ამ დრომდე აცხადებდა, რომ შეთანხმება იდეალური არ არის, თუმცა საჭიროა მისი შენარჩუნება, რასაც მან დღეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მაკრონმა ტრამპმს მიმართა და თქვა: „ჩვენ ძალიან გულახდილი დისკუსია გვქონდა. ამ [ირანის] საკითხზე, მხოლოდ ჩვენ ორს. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ირანის შენათხმება რომელიც 2015 წელს იქნა შეთანხმებული (JCPOA) ცუდია. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, მე ვხედავ, რომ შეთანმხება არ არის ეფექტური, თუმცა ის გვაძლევს შესაძლელობას, ყოველ შემთხვევაში 2025 წლამდე, რომ [ირანის] ბირთვულ ქმედებებზე გვქონდეს გარკვეული კონტროლი“, - აღნიშნა მან.
პრეზიდენტმა ტრამპმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ამერიკა და საფრანგეთი ერთად დგანან ირანის ქმედების წინააღმდეგ შექმნას ბირთვული იარაღი.
„საფრანგეთი და ამერიკა თანხმდება, რომ ირანს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა ბირთვული იარაღის შექმნის, და [ირანის] რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს ტერორისტების მხარდაჭერა. ახლო აღმოსავლეთში სადაც არ უნდა გაიხედო, ყველა პრობლემის უკან ირანის თითის ანაბეჭდს ვხედავთ“, - თქვა მან.
მან ასევე ისაუბრა იმიგრაციის პრობლემებზე და აღნიშნა, რომ საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთგვარი გამოწვევის წინაშე არიან.
„ამერიკაში ჩვენ მტკიცე ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენ საზღვარზე კონტროლის დასაბრუნებლად და ჩვენი სუვერენიტეტისთვის....მე ვიცი, რომ საფრანგეთი მსგავსი გამოწვევის წინაშეა. პრეზიდენტო, მე ვაფასებ თქვენს ლიდერობას ამ საკითხზე, რომელიც აჩვენეთ ძალიან ღია და პირდაპირი ქცევით“, - აღნიშნა ტრამპმა.
დღის ბოლოს, მაკრონი მეუღლესთან ერთად, თეთრ სახლში გამართულ საზეიმო ვახშამს დაესწრება.
214 წლიანი ისტორია
პრეს-კორფერენციამდე, რამდენიმე საათით ადრე, ორმა ლიდერმა, თეთრი სახლიდან პირველი განცხადებები გააკეთეს. ტრამპმა ფრანგ კოლეგას სირიაზე, ამერიკასთან და ბრიტანეთთან ერთად, ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის საჰაერო თავდასხმებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ მას და პრეზიდენტ მაკრონს შორის უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე “შესანიშნავი მეგობრული ურთიერთობა“ ჩამოყალიბდა. ტრამპმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის 214 წლიან მეგობრობას და ისაუბრა საერთო წარსულზე.
საფრანგეთის პრეზიდენტი, თეთრ სახლში, საკუთარ გამოსვლაში, მეტი კონკრეტულობით გამოირჩეოდა. მან ტერორიზმის და რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ ორი ქვეყნის თანამშრომლობის საჭიროებაზე ისაუბრა, და ასევე აღნიშნა ჩრდილოეთ კორეის და ირანის ბირთვული საფრთხე. „მხოლოდ ერთად მოვახერხებთ მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების შეჩერებას, იქნება ეს ჩრდილოეთ კორეა თუ ირანი“ - თქვა მაკრონმა.
ირანის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებით გამოვიდა პრეზიდენტი ტრამპიც. მან "ოვალურ ოფისში" თქვა, რომ „თუ ირანი განაახლებს ბირთვულ პროგრამას, მას უფრო დიდი პრობლემები შეექმნება, ვიდრე აქამდე ოდესმე ქონია“.
საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, პარასკევს, ვაშინგტონს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა.