გუშინ ბრიუსელში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ბელარუსის საკითხი განიხილეს. ევროპარლამენტის დეპუტატებთან ერთად შეხვედრაში ბელარუსის ოპოზიციაც მონაწილებდა, რომელსაც 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი კანდიდატი ალექსანდრ კოზულინი, ასევე სერგეი კალიაკინი და ბელარუსის ყოფილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შუშკევიჩი წარმოადგენდნენ. მთავარი საკითხი ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და მის შემდგომ შექმნილი ვითარების განხილვა იყო. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გაბრიელ ალბერტინიმ დოკუმენტის წარდგენისას აღნიშნა, რომ ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე ევროპარლამენტარებმა დაგმეს 19 დეკემბერს მინსკში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა და რეპრესიები, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრებებს მოიცავდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა რეკომენდაციით მიმართეს ევროკავშირს გადახედოს ბელარუსთან არსებულ ურთიერთობებს.
გარდა ამისა, კომიტეტი ევროკავშირს ურჩევს, რომ გაგრძელდეს სავიზო სანქციები ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, ვიდრე ოფიციალური მინსკი არ გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს. ამავდროულდ კომიტეტის რეკომენდაციით ბელარუსის უბრალო მოქალაქეებისთვის ვიზის საფასური უნდა გაიაფდეს.
რეკომენდაციები ასევე შეეხება ბელარუსულ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მიმართაც ევროკავშირმა დახმარება და თანადგომა ფინანსური მხარდაჭერით უნდა გამოხატოს, ასევე უნდა გაიცეს სტუდენტური გრანტები ბელარუსის ახალგაზრდობისთვის. საკმაოდ მნიშვნელოვანია და საყურადღებო, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი ბრიუსელს მოუწოდებს გადახედოს საპარლამენტო ურთიერთობებს აღმოსავლური პარტნიორობის საპარლამეტო ასამბლეის ფარგლებში. კომიტეტმა ასევე მკაცრად დაგმო მინსკში ეუთოს ოფისის დახურვის ფაქტი. ევროპარლამენტის თავმჯდომარე ეჟი ბუზეკი, რომელიც ასევე ესწრებოდა კომიტეტში გამართულ დისკუსიას, სანქციების გამწვავების ინიციატივით გამოვიდა.
მისი წინადადებით ბელარუსს უნდა აეკრძალოს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, როგორიცაა ოლიმპიადა და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი. ბუზეკი ასევე მხარს უჭერს ბელარუსში ევროკავშირის საგამოძიებო მისიის გაგზავნას, რომელიც ადგილზე შეისწავლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ ვითარებას. როგორც მოსალოდნელია ამ რეკომენდაციებს და კონკრეტულად ბელარუსის ჩინოვნიკებისთვის ვიზების აკრძალვის საკითხს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 31 ინავარს განიხილავენ. ბელარუსის საკითხით ევროსაბჭოც დაინტერესდება და 24-28 იანვარს სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეა შესაბამის რეზოლუციას მიიღებს.
ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომამდე ორი დღით ადრე, ბელარუსის შესახებ ოფიციალური კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმაც.
„ჩვენ ნათლად უნდა გავაგებინოთ მას (ლუკაშენკოს), რომ ვითარება ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება, რამდენადაც ეს ადამიანები არიან დაპატიმრებული და ჩვენ ვალდებულები ვართ ისინი განვიხილოთ პოლიტიკურ პატიმრებად. ამან შესაძლაო მიგვიყვანოს იმ სანქციების შემცირებამდე, რაც ბელარუსიზე გვქონდა დაწესებული და თუკი ვითარება უახლოეს დღეებში არ შეიცვლება ჩვენ გავაგრძელებთ სანქციებს. მე ასევე უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ევროკავშირთან ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ, რომელსაც მე ვფიქრობ უფრო მეტი ბერკეტი გააჩნია, რათა ბატონ ლუკაშენკოს და მთავრობის სხვა წევრებს ევროპაში მგზავრობა აუკრძალოს. ასევე მიდის მუშაობა აღმოსავლური პარტნიორობის ფარგლებში, კერძოდ, ფინანსების გაყინვის კუთხით. შეერთებული შტატები და ევროკავშირი განაგრძობენ ერთად მუშაობას და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ შეტყობინება, რომ თუკი ბელარუსში ვითარება ძალიან სწრაფად არ გამოსწორდება ამას მოჰყვება შედეგები ბელარუსისთვის,“ -განაცხადა ბატონმა გორდონმა
ბელარუსში შესახებ სტატია გამოაქვეყნა ამერიკის ხმის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელმა ჯეიმს ბრუკმა. ის საპრეზიდენტო არჩევნებს მინსკში აკვირდებოდა. ასევე პატივი ქონდა ტელევიზიით ენახა ბატონი ლუკაშენკოს ორსაათიანი პრესკონფერენციაც, სადაც ბელარუსის ლიდერმა ოპოზიციას ბანდიტები უწოდა. ჯეიმს ბრუკი წერს:
„მე ვუყურებდი პრესკონფერენციას, როდესაც მინსკში ჩემს სასტუმრო ოთახში ბარგს ვალაგებდი, რადგანაც ოთხდღიანი ვიზა მიმთავრდებოდა. და მე მივხვდი, რომ უგო ჩავესის სლავურ ვარიანტს ვუყურებდი. თუმცა არა ერთ დროს ვენესუელის არმიის ქარიზმატულ ოფიცერს, რომელიც 1994 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვნახე, არამედ უფრო თანამედროვე, გაბღენძილ ვარიანსი, ადამიანს რომელიც ხელისუფლების სადავეებს მტკიცედ უჭერს ხელს და რომელიც ირწმუნება, რომ ერის მხსნელია. მინსკშიც ბელარუსული ვარიანტი თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ხალხის მტრებს ეძახის. ეს სტალინის ფრაზა და ლუი მეთოთხმეტის ფიქრებია, რომელმაც თქვა: „სახელმწიფო ეს მე ვარ.“