ლუკაშენკო, მომავალი არჩევნების ფონზე, კრემლისგან დამოუკიდებლობისა და დიქტატურისთვის ბრძოლას აგრძელებს

ბელორუსის პოლიციამ მინსკსა და სხვა ქალაქებში 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. დემონსტრანტები ქუჩაში ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდასაჭერად გამოვიდნენ და მინსკის ცენტრში რამდენიმე კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს. დემონსტრაციები საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს სავარაუდო მეტოქის დაკავებას მოჰყვა.

19 ივნისს, მინსკში, ასობით ადამიანი ჩადგა ცოცხალ ჯაჭვში, რათა 9 აგვისტოს არჩევნებზე ოპოზიციისადმი სოლიდარობა გამოეხატათ. პოლიციამ არა მარტო ოპოზიცის წარმომადგენლები და აქტივისტები, არამედ მედიის წარმომადგენლებიც დააკავა. რამდენიმე საათის განმავლობაში ქვეყანაში გაითიშა ასევე ინტერნეტზე წვდომა.

მდგომარეობა დაძაბული იყო ქვეყნის სხვა ნაწილებშიც. პოლიციამ ქალაქ მაჰილაუში დემონსტრანტებს ძალით ემუქრებოდა, მაშინ როცა ჰომელში აქციის მონაწილეებს შეკრების საშუალება არ მისცეს. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „ვიასნას“ (გაზაფხული) თქმით, დაკავებული 140 ადამიანია.

ლუკაშენკოსთვის, რომელიც 1994 წლიდან იკავებს ქვეყნის მეთაურის თანამდებობას, ექსპერტების შეფასებით ეს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკული მომენტია. ბელორუსის პრეზიდენტმა თქვა, რომ „რევოლუცია აღკვეთა“ და მომხდარი მალევე დააბრალა საგარეო მტერს და თითი არაპირდაპირ კრემლისგან გაიშვირა.

„ჩვენ ნიღაბი ჩამოვხსენით მარიონეტებს არა მარტო აქ, არამედ მათ მმართველებს ბელორუსის“, - თქვა მან.

მოსახლეობა ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკა დააკავეს. ბაბარიკა ოცი წელი რუსული „ბელგაზპრომბანკის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა. ის ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულია ასევე ბაბარიკას შვილი, რომელიც მის საპრეზიდენტო კამპანიას უდგას სათავეში.

ბაბარიკა, რომელიც ამ დრომდე კანდიდატად ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა, აცხადებს, რომ ბანკის წინააღმდეგ ქმედებები „პოლიტიკური შეკვეთით“ მოხდა. მისმა გუნდმა 435,000 ხელმოწერა შეაგროვა. კანდიდატად რეგისტრაციისთვის 100,000 ხელმოწერაა საჭირო.

ბაბარიკა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატია 10 ადამიანისგან, რომლებიც ლუკაშენკოს გამოწვევას გეგმავენ 9.5 მილიონიან ქვეყანაში. ეს ლუკაშენკოსთვის მეექვსე არჩევნებია, ქვეყანაში სადაც პოლიტიკური თავისუფლებები ძალზედ შეზღუდულია, არ არსებობს თავისუფალი მედია და არჩევნები, დასავლური ორგანიზაციების შეფასების, მოკლებულია დემოკრატიულ სტანდარტებს.

ბელორუსმა სამართალდამცავებმა 15 ივნისს ბანკზე კონტროლი დაამყარეს და ათობით აღმასრულებელი დააკავეს გადასახადების დაფარვის და ფულის გათეთრების ბრალდებით.

„ბელგაზპრომბანკი“ თითქმის 100 პროცენტით კონტროლდება რუსული გაზის კომპანიის „გაზპრომის“ მიერ. მოსკოვმა უარყო, რომ ის არჩევნებში ბაბარიკასთვის მხარის დაჭერას გეგმავს, თუმცა იქვე დასძინა რომ დაიცავს რუსულ ბიზნეს ინტერესებს ბელორუსში.

„კრემლს არ ყავს არც-ერთი კანდიდატი ბელორუსის არჩევნებში“, - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

კრემლი დიდი ხანია, რაც ბელორუსს იაფ გაზსა და ნავთობს აწვდის. თუმცა გასულ წელს რუსეთის მთავრობამ მინსკს სუბსიდიები შეუწყვიტა და ამის მიზეზად ის განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის უფრო ახლო ინტეგრაცია იყო საჭირო რათა მოსკოვს ბელორუსისთვის ნავთობის და გაზის იაფ ფასად მიყიდვა გაეგრძელებინა.

ლუკაშენკომ კრემლის ზეწოლის მიუხედავად, უარყო იდეა უფრო ახლო ინტეგრაციისკენ, როგორც მოსკოვის მცდელობა ქვეყნის დამოუკიდებლობა შეზღუდოს. მიუხედავად კრემლის პოლიტიკის კრიტიკისა, ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირად კრიტიკას ერიდება. ამასთან, ცოტა ხნის წინ, მინსკმა შეერთებული შტატებისგან პირველად თხევადი ბუნებრივი აირი მიიღო.

დაკავებების სერიის შემდეგ, ევროკავშირმა მოუწოდა ბელორუსს, რომ ბაბარიკა და მისი შვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. ამასთან, მინსკში შეერთებულმა შტატების საელჩომ „ტვიტერზე“ განცხადებაში თქვა, რომ ბელარუსმა უნდა შეასრულოს "აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის" შესახებ.

სოლიდარობის ჯაჭვის მონაწილეები

ბელორუსიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15 კანდიდატი შეარჩია, რომლებსაც საარჩევნო ბიულეტენზე მოსახვედრად ხელმოწერები უნდა შეეგროვებინათ. მათ უარი უთხრეს პოპულარულ ვიდეო-ბლოოგერს სერგეი ციხანოუსკის და ოპოზიციონერ მიკალაი სტატკევიჩს. სტატკევიჩი ლუკაშენკოს 2010 წელს დაუპირისპირდა და არჩევნების შემდგომ აქციებზე დააკავეს. ის და ციხანოუსკი, პატიმრობაში იმყოფებიან. ციხანოუსკი, რომელიც მისი ცოლის კანდიდატურისათვის ხელმოწერებს აგროვებდა, აქციების ორგანიზების გამო დააკავეს.

ასევე ნახეთ: ბელარუსისა და თურქმენეთის ხელისუფლება კორონავირუსის საფრთხეს არ ცნობს

ბელორუსიას ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. თუმცა ლუკაშენკო კოვიდ-19 პანდემიას "მასობრივ ფსიქოზს" უწოდებს და უარყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვების მოწოდებას, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანცირების წესები იქნას შემოღებული.

მიუხედავად ამისა, ახალი კორონავირუსი მინსკზე გავლენას მაინც იქონიებს. მსოფლიო ბანკის გათვლებით, ქვეყნის ეკონომიკა ოთხი პროცენტით შემცირდება.