გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც მოსახლეობის ზრდა ყველაზე მცირეა.
გამოცემის მიერ დამუშავებული მონაცემებით ირკვევა, რომ 1950 წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა საშუალოდ 0.18 პროცენტით იზრდება.
გამოცემა მიზეზებზეც საუბრობს. "ერთ-ერთი მიზეზი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნაში დაწყებული მიგრაციაა, რაც დაახლოებით 1 მილიონს შეადგენს. კიდევ ერთი მიზეზი სელექციური აბორტია."- წერს "ბიზნეს ინსაიდერი".
გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში უკრაინის შესახებაც არის საუბარი. უკრაინაც მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ყველაზე მცირეა მოსახლეობის ზრდა.
უკრაინის საშუალო მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი 0.21 პროცენტს შეადგენს. "ბიზნეს ინსაიდერი" წერს, რომ მონაცემებზე გავლენა შობადობის დაბალმა მაჩვენებელმა, სიკვდილიანობის ზრდამ, ომებმა და ეკოლოგიურმა პრობლემებმა მოახდინა.
სიაში მოხვდა რუმინეთიც. საშუალოდ რუმინეთში მოსახლეობა 0.24 პროცენტით იზრდება. გამოცემა წერს, რომ მხოლოდ 2007 წლის შემდეგ, ქვეყანა 3.4 მილიონმა ადამიანმა დატოვა.