ლონდონის ხიდზე სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებში შეიჭრა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ არიან დაშავებულები. პოლიციის ცნობით, ხიდის მახლობლად მოხდა კიდევ ორი თავდასხმა, თავდაამსხმელებმა, სულ მცირე, ორი ადამიანი დანით დაჭრეს. პოლიცია ასევე აცხადებს, რომ ლონდონის სამხრეთში მესამე ინციდენტიც მოხდა, დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, თავდასხმებში ექვსი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არის 3 თავდამსხმელი.
აქამდე უცნობია დაშავებულთა ზუსტი რიცხვი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მომხდარიდან მალევე პოლიციამ ლონდონის ხიდი, მეტროს სამხრეთის გაჩერებები და რამდენიმე ქუჩა გადაკეტა, რასაც მოძრაობის პარალიზება მოყვა.
ლონდონის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეაფარონ უსაფრთხო ადგილებს, ასევე ავრცელებს გრაფიკულ ილუსტრაციებს სოციალურ მედიაში, წარწერით "გაიქეცით, დაიმალეთ, გაავრცელეთ ინფორმაცია." პოლიცია ქალაქის მკვიდრებს და სტუმრებს ურჩევს ტელეფონი უხმო რეჟიმზე დააყენონ და პოლიციას შეძლებისთავანე დაურეკონ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერესა მეი მომხდარზე და სამართალდამცავების რეაგირებაზე მონიტორინგს დაუნინგის 10 ნომრიდან ახდენს.
თავდასხმას გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ ამერიკა მზადაა ბრიტანეთს დაეხმაროს.
ლონდონის ხიდზე მომხდარ თავდასხმამდე, დაახლოებით, 2 კვირით ადრე 23 ადამიანი დაიღუპა ქალაქ მანჩესტერის სპორტულ არენაზე, ამერიკელი პოპ მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმისას. მომღერალს დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ხვალ აქვს დაგეგმილი.