"ნამდვილი სიყვარული" ლოლა ჯიბლაძის ნამუშევრებში

როგორ ხედავენ თანამედროვე ნიუ-იორკელი მხატვრები "ნამდვილ სიყვარულს". ნიუ-იორკის 11 განსხვავებული სტილის და ხედვის მხატვარმა საკუთარი ნამუშევრები უილიამსბურგში მდებარე "ოკეი გალერეაში" წარმოადგინა, მათ შორის არის ქართველი მხატვარი ლოლა ჯიბლაძე. გამოფენა 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს გაიხსნა და ათი დღე გაგრძელდება.

უილიამსბურგი თავის ჰიპსტერ-კულტურით, ორ-სართულიანი სახლებით, გრაფიტიში შემოსილი კედლებით, ღია ბარებით, გალერეებით და ტრადიციული, მორწმუნე ებრაული ოჯახებით. ამ უბანში 14 თებერვალს განხსნილი გამოფენის მთავარი თემის - "ნამდვილი სიყვარულის" კონტექსტში გამოფენების კურატორების მოთხოვნით, არტისტებს ნამუშევრები წითელ, შავ, ნაცრისფერ, ვარდისფერ და თეთრ ფერებში უნდა შეექმნათ. ქართველი შემოქმედის ლოლა ჯიბლაძის მუზა მორწმუნე, მკაცრი ცხოვრების წესის ებრაული წყვილი გახდა. მისი ოთხი ნამუშევარი გალერეის ცენტრალურ კედელზე გამოიფინა. ეს მისთვის მეთერმეტე ჯგუფური გამოფენაა.

ლოლა ჯიბლაძე: ჩემი გადმოსახედიდან, ალბათ ყველაზე რთული და სასაცილოც იყო ჩემთვის ამ თემაზე მუშაობა. ცოტა სარკასტულად ვუყურებ ამ თემას. როგორ უნდა ავხსნა არ ვიცი სიყვარული. კარგად უნდა გამექექა ალბათ ჩემი თავი. თუმცა ეს არის ის, რაც გამოვიდა. შევეცადე, სხვა წყვილები დამეხატა და საერთო მენახა ჩემგან განსხვავებულ წყვილებს და ჩემს შორის, რა საერთო მაქვს მე მათთან.

ლოლა ჯიბლაძის ნამუშევრები "ოკეი გალერეაში" ყველაზე ძვირად არის შეფასებული და 2000$-დან იწყება. "ოკეი გალერი" მსხვილი არტ-კომპანიების "ოკეიპლეირის" და"ოკეიაფრიკის" პარტნიორია. გალერეის ხელმძღვანელი დენ პეტრუსი ამბობს, რომ ყველა არტისტს განსხვავებული ხედვა აქვს.

გალერეის ხელმძღვანელი დენ პეტრუსი: ეს ჯგუფური შოუა 11 არტისტის მიერ დანახული ნამდვილი სიყვარულის შესახებ. არის ფოტოგრაფია, ციფრული, შერეული მედია წარმოდგენილი. გამოფენილი ვიზუალური არტისტები ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან და ეს ჩანს მათ დამოკიდებულებაში, მათ მიერ შექმნილ ნამუშევრებში. ძალიან მოგვწონს ლოლა. მისი ნახატები ცენტრალურ კედელს იკავებს, ქუჩიდან რომ შემოიხედავთ გალერეაში მაშინვე მიაქცევთ ამ ნახატებს ყურადღებას.

ბებე ლო, გამოფენის კურატორი ამბობს, რომ ეს პროექტი მან და 'სტარსიტიმ" ერთად მოიფიქრეს. წარმოდგენილი არტისტები მათი მეგობრები არიან. "ძალიან ინდივიდუალური ხედვა აქვს თითოეულ მათგანს, საინტერესოა ტექნიკის და სტილის თვალსაზრისით. ძალიან ნიჭიერები და კრეატიულები არიან", ამბობს ბებე ლო.

კრეატიულ არტისტებს შორის არის კრასბი, რომელიც ლოლას მეგობარია და ორი წლის წინ თბილისში ერთად გამართეს შოუ. ჰოლივუდური წყვილების და ცნობილი ფილმების შეყვარებული-გმირების სახეებით მან კედლის საათები შექმნა.

კრასბი: საათები სურეალისტურია. როდესაც ამოწმებ დროს, რომელი საათია, ამ ინფრომაციისთვის შეხედავ საათს და მოტივაციას და ინსპირაციას იღებ რომელიმე ფილმის შეყვარებული წყვილისგან.

ლოლას ორი და ჰყავს, უფროსი სალომე, რომელიც მხატვარია და თბილისში ცხოვრობს და უმცროსი თათა, რომელიც ბოლო დროს ქანდაკებით დაინტერესდა. ლოლა ნიუ-იორკში თერთმეტი წლის წინ ჩამოვიდა. თავიდან მსახიობობა უნდოდა და სტელა ადლერის სტუდია დაამთავრა. თუმცა მალევე მიხვდა რომ ეს მისი არ იყო. როგორც ამბობს ბევრი "გიჟი" მეგობარი შეიძინა და თითქოს ამან განაპირობა მისი მომავალიც, რომ ხატვა გაეგრძელებინა. ლოლა ჯიბლაძე საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" ყოფილი რედაქტორის და ჟურნალისტის ლია ბურჭულაძის შვილიშვილია. ალბათ თითქოს ამის გავლენაა და უცნაურია, მაგრამ ლოლას ინსპირაციაა საინფორმაციო საშუალებები და პოლიტიკა.

ლოლა ჯიბლაძე: სი-ენ-ენს სულ ვუყურებ. მაინტერესებს რა ხდება პოლიტიკაში, პოპკულტურაში, ნიუ-იორკის ცხოვრება. წელიწადში მგონია რომ ოთხი წელი გვაქვს, სეზონების მიხედვით. ვაკვრიდები გარშემო რა ხდება. ძირითადად იმას ვხატავ, რაც მაწუხებს. ახლა რა მაწუხებს? ახლა ტრამპია პრეზიდენტი-რა უნდა მაწუხებდეს მეტი. ძალიან ბევრი რაღაცაა, რაც სასაცილოა ჩემთვის, ძალიან ბევრი რაღაც რაც ძალიან ნერვებს მიშლის და ვცდილობ ეს ორი რაღაც გავაერთიანო.