ლიბიაში ქალებზე ძალადობის ფაქტებმა იმატა

პოლიციის უფუნქციობის გამო დაუდგენელია იმ ფაქტების ზუსტი რაოდენობა, რაც სქესობრივ ძალადობას და ქალებზე ფიზიკური შეურაცხყოფას უკავშირდება

Your browser doesn’t support HTML5

ლიბიელი ქალები შიშის ქვეშ ცხოვრობენ


ლიბიაში სქესობრივი ძალადობის ფაქტებმა იმატა. როგორც ლიბიელი ქალები ამბობენ, მათ ყოველ დღე რისკის ქვეშ და შიშში უწევთ ცხოვრება.
ლიბიაში მოამარ კადაფის მართველობის დროს მამაკაცები მაღაზიებში, უნივერსიტეტებსა და სამუშაო ადგილებზე ქალების მიმართ გამუდმებით სხვადასხვა სახის სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კადაფის რეჟიმი დასრულდა, ლიბიელი ქალების მდგომარეობა არაფრით შემსუბუქებულა.

ბრიტანელი ექსპატრიატი ანა ლიბიაში 1965 წლიდან ცხოვრობს.

„მდგომარეობა ახლა უფრო გაუარესდა. როდესაც პირველად ჩამოვედი ლიბიაში, მსგავსი ფაქტები არცთუ ისე ხშირად ხდებოდა. ახალგაზრდა მამაკაცები მაშინ ბევრად უფრო მოკრძალებით და პატივისცემით გვექცეოდნენ.“

მოამარ კადაფის ოჯახმა და მთავრობის წარმომადგენლებმა ლიბიაში ქალთა გატაცების ტრადიცია დაამკვიდრეს. ამ ქალებს ისინი სილამაზის სალონებში ან მაღაზიებში იცნობდნენ ხოლმე. ახალი წიგნის „კადაფის ჰარამხანას“ ავტორი ჟურნალისტი ანიკ კოჯეანი ამბობს, რომ ტრადიციის თანახმად, ლიბიელმა მამაკაცმა ქალი ოფიციალურ შეხვედრაზე ან რაიმე დღესასწაულზე უნდა გაიცნოს.

მსგავსი გაუკუღმართებული ტრადიცია საზოგადოებაში მალე დამკვიდრდა და ლიბიელმა მამაკაცებმა ქალების მიმართ ასეთი დამოკიდებულება წესად აქციეს:

„ კადაფის დროს სექსუალური ძალადობა გახშირდა, ამაზე ახალგაზრდა თაობები აღიზარდნენ,“ - ამბობს ახალგარზდა ქალი სახელად ნისრინი.

ნისრინის თქმით, ლიბიის დედაქალაქში სქესობრივმა ძალადობამ განსაკუთრებით იმატა, უკანონობამ კი ქვეყანა საცხოვრებლადაც სახიფათო გახადა.

დღესდღეობით ლიბიელი ქალები გამუდმებით სიტყვიერი , ფიზიკური და სქესობრივი ძალადობის ქვეშ ცხოვრობენ. მათ უკვე ქუჩაში გასვლისაც კი ეშინიათ.

„ქალაქში ნასვამი და ნარკოტიკებით გაბრუებული მამაკაცები დადიან , თუ ქალს დაინახავენ, მომენტალურად შეურაცხყოფას აყენებენ.“

ახლო აღმოსავლეთში ლიბია ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც არაბული გაზაფხულის შემდეგ სქესობრივმა ძალადობამ იმატა.

გაეროს გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მაისის ანგარიშით, ბოლო დროს ეგვიპტელი ქალების უმეტესობა სქესობრივი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით პრეზიდენტ მუბარაქის მართველობის დასრულების შემდეგ გაძლიერდა.

პოლიციის უფუნქციობის გამო დღესდღეობით დაუდგენელია იმ ფაქტების ზუსტი რაოდენობა, რაც სქესობრივ ძალადობას და ქალებზე ფიზიკური შეურაცხყოფას უკავშირდება.

ლეილა ახალგაზრდა ლამაზი ლიბიელი ქალია. იგი სახლიდან გასვლას ყოველთვის თავს არიდებს:

„მოპირდაპირე შენობაში მაღაზიაა , ფეხით მისვლა იქამდეც კი მეშინია.“

ლიბიის სამოქალაქო აქტივისტებმა ეგვიპტის მაგალითზე ახალი ინტერნეტგვერდი შექმნეს, რომელსაც სახელად „ნუ შეურაცხმყოფ მე" უწოდეს. ვებგვერდი ლიბიის პოლიციის საყურადღებოდ ქალებზე ძალადობის ფაქტებს დეტალურად აღწერს.