ლიბიაში თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ

ქრისტოფერ სტივენსი - შეერთებული შტატების ელჩი ლიბიაში 7ივნისი, 2012 – 12 სექტემბერი, 2012

კონგრესის ზოგიერთი წევრისთვის, ობამას მიერ ბენღაზიში მომხდარი თავდასხმის შეფასებას ერთი წლის შემდეგაც აქვს მნიშვნელობა

Your browser doesn’t support HTML5

ლიბია


ბენღაზიში, შეერთებული შტატების მისიაზე თავდასხმამ პოლიტიკური ქარიშხალი გამოიწვია, როცა რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა დასვეს კითხვა, თუ რატომ დააყოვნა ობამას ადმინისტრაციამ ამ ინციდენტისთვის ტერორიზმი ეწოდებინა.

მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კრიტიკოსებს უპასუხა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.

„ფაქტია, რომ ოთხი ამერიკელი დაიღუპა. ეს პროტესტის გამო მოხდა, თუ ვიღაცეებმა უცბად გადაწყვიტეს ამერიკელები მოეკლათ? ამჟამად ამას რა მნიშვნელობა აქვს?“

მაშინ, როცა სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ცდილობს ადმინისტრაციისთვის სირიაზე იერიშის მიტანის ნებართვის მოპოვებას, როგორც ჩანს, კონგრესის ზოგიერთი წევრისთვის, ობამას მიერ ბენღაზიში მომხდარი თავდასხმის შეფასებას ერთი წლის შემდეგაც აქვს მნიშვნელობა.

ჯეფ დანკანი რესპუბლიკელი კონგრესმენია.

„იგივე ადმინისტრაციამ, რომელმაც ახლა ასე სწრაფად მოისურვა შეერთებული შტატების სირიაში ჩარევა, არ მოინდომა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული იგივე საშუალებები, რათა გამოეხსნა ოთხი მამაცი ამერიკელი, რომლებიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძოდნენ ბენღაზიში. ბატონო კერი, თქვენ არასდროს იყავით ის, ვინც სიფრთხილის გარდა სხვა რამ მოქმედებისკენ მოუწოდებდა, როცა წარსულ კონფლიქტებში შეერთებული შტატების ძალების ჩართვის საკითხი დგებოდა.“

კერი ამბობს, რომ სირიის და ბენღაზის შედარება პოლიტიკური მიზეზებითაა მოტივირებული.

„როცა მე შეერთებული შტატების სენატში ვიყავი, ბევრ შემთხვევებში მხარი დავუჭირე სამხედრო ოპერაციებს, მათ შორის გრენადაში, პანამაში და შემიძლია ეს სია გავაგრძელო. მე არ ვაპირებ აქ ვიჯდე და ქვენგან ვისმინო, რომ არ გამაჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით განსჯის უნარი. ჩვენ აქ ვსაუბრობთ ადამიანების გაზით დახოცვაზე, თქვენ კი ბენღაზის გარშემო გსურთ საუბარი.“

მაგრამ ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი ალან ლიჰტმანი ამბობს, რომ ბენღაზის მეხსიერებამ შეიძლება შეასუსტოს პრეზიდენტის პოზიცია კონგრესისგან ნებართვის მიღების საკითხში.

„ბენღაზი ნამდვილად ხელს არ უწყობს პრეზიდენტს. თუ კენჭისყრა მივა ერთი ან ორი ხმით განსხვავებამდე, ბენღაზის გავლენა ნამდვილად გადაწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს.“

განსაკუთრებით, თუ შევადარებთ ორი წლის წინ ლიბიაში ინტერვენციის საერთაშორისო მხარდაჭერის სიღრმეს, ამბობს მანალ ომარი, შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის წარმომადგენელი.

„როცა ლიბიაზე ვსაუბრობთ, მაშინ იყო დამაჯერებელი არგუმენტი, რომ ეს შეიძლებოდა ნატოს მეშვეობით გაკეთებულიყო, იყო მრავალი მხარის ჩართულობა და იმის გაგება, რომ ინტერვენცია შეიძლებოდა ყოფილიყო სწრაფი და შეზღუდული დროით. მას ჰქონდა განსაზღვრული დასასრული. მისი მართვა შესაძლებელი იყო. სირიასთან დაკავშირებით კი ძნელია ამაზე დამაჯერებლად საუბარი.“

ლიჰტმანი ამბობს, რომ ბენღაზიში დაუმთავრებელი ძალადობა იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად ცოტა ესმის ვაშინგტონს.

„ბენღაზიში მომხდარ თავდასხმამდე, სინამდვილეში ჩვენ ბევრი არაფერი ვიცოდით ლიბიის საქმეების შესახებ. ჩვენ ბევრად მეტის შესწავლა გვჭირდება სხვა კულტურების და სხვა ქვეყნების შესახებ. დაზვერვაზე ათეულ მილიარდობით დოლარის ხარჯვის პირობებში კი ჩვენი საგარეო პოლიტიკა არც თუ ისე გამჭრიახად გამოიყურება.“

ბენღაზიში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, მხოლოდ ოთხ ამერიკელ დიპლომატს შეუჩერდა უფლებამოსილება, უსაფრთხოების საკითხებში ხარვეზების გამო. მას შემდეგ ოთხივე დაუბრუნდა სამსახურს და გაიგზავნა სხვა წარმომადგენლობაში.