აჯანყების დაწყებამდე ლიბია ყოველდღიურად 1,6 მილიონი ბარელის ნავთობს აწარმოებდა. დღევადელი მაჩვენებელი ოთხჯერ ნაკლებია ამასთან შედარებით.
ისტორიულად ლიბია ყოველთვის ნავთობის ექსპორტიორი იყო, თუმცა როგორც ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი ენტონი კორდსმენი აცხადებს ლიბიის მომავალი სულ სხვა რამეზეა დამოკიდებული.
მისი თქმით:“ ახლა დიდი დებატები მიმდინარეობს, როდის ჩადგება ყველაფერი კალაპოტში და როდის დაიწყება ნავთობის მოპოვება? ერთ თვეში, თუ ერთ წელიწადში? მაგრამ ეს ლიბიას კეთილდღეობას ვერ მოუტანს. მთავარია იმგვარი ეკონომიკური სტრუქტურა შეიქმნას, რომელიც კაპიტალის მოზიდვას გამოიწვევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხის კარიერა, შემოსავლები და ქვეყნის სტაბილობა საბოლოოდ დასამარდება.“
დღეს ყოველი მესამე ლიბიელი უმუშევარია, ღარიბების რაოდენობა 30%-ს აღწევს, ქვეყანას კი ნაღდი ფული სჭირდება. ბატონი კორდსმენის განცხადებით ეს შეიძლება საზღვარგარეთის ბანკებში კადაფის გაყინულ ანგარიშებზე არსებული მილიარდობით დოლარი იყოს, რომელიც მან თავისი 42 წლიანი ტირანიის დროს დააგროვა.
ენტონი კორდსმენის განცხადებით:“ ლიბიას შეუძლია მოითხოვოს კადაფის ფული, რომელიც მან საერთაშორისო რეზერვებში ჩადო, თუმცა თუ ამ თანხებს სწრაფად და უკონტროლოდ დახარჯევენ გიგანტურ პროექტებში, ეს წყალში გადაყრილი ფული იქნება და ქვეყნის განვითარებას ვერაფერს არგებს.“
შეერთებული შტატების მთავრობამ პირობა დადო, რომ 40 მილონ დოლარს გამოყოფს ლიბიის უსაფრთხოებისთვის, რათა მან იარაღის დაგროვილი მარაგი გაანადგუროს. რაც შეეხება ლიბიის გადასვლას დემოკრატიის რელსებზე, ამ საქმეში ამერიკას მხოლოდ რჩევების მიცემა შეუძლია.
ენტონი კორდსმანის განცხადებით:“ ჩვენ დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ლიბიის დახმარების საქმეში. ჩვენ არ გვსურს არასტაბილურობა ჩრდილოეთ აფრიკაში და არც ის გვინდა, რომ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა დიდი ხნის მანძილზე შიდა კონფლიქტში აღმოჩნდეს გახვეული. ჩვენ არ გვინდა ისლამური ექსტრემიზმის გამარჯვება ლიბიაში. მაგრამ ამავე დროს კარგად უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოლიტიკა ამ ქვეყნის მიმართ.“
მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელების განცხადებით ისინი ლიბიას ფინანსური პრობლემების გადაჭრაში და ეკონომიკის გაჯანსაღებაში დაეხმარებიან.