ბრიტანეთის მთავრობამ აღმოსავლეთ ლიბიაში ანტი-სამთავრობო მეამბოხეებთან წარუმატებელი კონტაქტის დამყარების მცდელობა დაიცვა მას შემდეგ რაც მეამბოხეებმა ლიბიაში საგანგებოდ წარგზავნილი ბრიტანელი დიპლომატების გუნდი და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს, იუწყება ლონდონიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჰენრი რიჯუელი.
ბრიტანულ საგანგებო მისიას მუამარ კადაფის წინააღმდეგ მებრძოლ ლიბიელ მეამბოხეებთან კონტაქტის დამყარება ევალებოდა. პარასკევს მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ ბენღაზის სამხრეთით დაეშვა შვეულმფრენი, რომელმაც ჩამოიყვანა ბრიტანეთის საგარეო ოფისის ოფიციალური პირები და ელიტარული საგანგებო დანიშნულების რაზმის წევრები. მაგრამ გულთბილი მისალმების ნაცვლად ოპოზიციურმა ძალებმა ბრიტანელები დააკავეს და განაიარაღეს.
ნაჩქარევად ორგანიზებული პრეს კონფერენციის დროს მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ დაკავებულ ბრიტანელებს შეიარაღება, რუკები და ყალბი პასპორტები აღმოუჩნდათ.
„ლიბია დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენს და მაშასადამე ყველამ ჩვენი სუვერენიტეტისა და საზღვრების მიმართ სათანადო პატივისცემა უნდა გამოხატოს. ჩვენთვის უცნობია თუ რომელი სპეციფიური მისიით არიან ჩამოსულნი ისინი და თუ აპირებენ ისინი დისკუსიების გამართვას ეროვნულ საბჭოსთან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას თუ როგორ შემოვიდნენ ისინი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ მათთან ლაპარკზე უარს ვაცხადებთ,“ განაცხადა ლიბიური ოპოზიციის წარმომადგენელმა ჩოგა ალ-ჰაფიზმა.
ბრიტანულმა დელეგაციამ ბენღაზი კვირას დატოვა. ისინი ბრიტანულ სამხედრო გემს „კუმბერლენდს“ გაჰყვნენ. ლიბიაში მათ შეიარაღება და შვეულმფრენი დატოვეს. ლიბიური სახელმწიფო ტელევიზიით გავიდა აუდიო ჩანაწერი, რომელშიც თითქოს ბრიტანეთის ელჩი მეამბოხეებს მისიის წევრების გათავისუფლებას სთხოვს.
ბრიტანული მედია და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ლიბიის კრიზისთან დაკავშრიებით ბრიტანეთის მთავრობას გამუდმებით აკრიტიკებენ.
ორშაბათს პარლამენტში გამოსვლისას ბრტიანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა დაადასტურა, რომ ლიბიაში საგანგებო მისიის გაგზავნის ბრძანება მან პირადად დაამტკიცა.
„გასულ კვირას მე გავეცი სანქცია რათა აღმოსავლეთ ლიბიაში მცირე ბრიტანული დიპლომატიური გუნდი გაგზავნილიყო. ადგილზე შექმნილი გაურკვეველი გარემოებების გამო დიპლომატებს დაცვა სჭირდებოდათ რათა მათ მეამბოხეებთან საწყისი კონტაქტი დაემყარებინათ შემდგომში უფრო მჭიდრო დიპლომატიური დიალოგის წარმართვისთვის. ვსარგებლობ შემთხვევით და გუნდის წევრების მიმართ პატივისცემას გამოვხატავ. გუშინ მათ ქვეყანა დატოვეს რადგან ადგილი ჰქონდა სერიოზულ გაუგებრობას მათი როლის შესახებ, რამაც მათი დროებითი დაკავება გამოიწვია,“ აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მეამბოხეებს გაუჩნდათ ეჭვები იმასთან დაკავშირებით თუ რატომ იყო ბრიტანული მისია საიდუმლოებით მოცული და რატომ არ გამოიყენეს ბრიტანელებმა ბენღაზის საზღვაო პორტი ან აეროპორტი ლიბიაში შესვლის მიზნით.
გაერთიანებული სამხედრო ძალების სამეფო ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის საკითხების ანალიტიკოსი ბარაკ სენირი აღნიშნავს, რომ მისიით გამოწვეული გაუგებრობა გარდაუვალი იყო.
„სხვა ალტერნატივა არ არსებობდა. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კადაფის რეჟიმი ლიბიის კავშირგაბმულობაზე კონტროლს ინარჩუნებს და ეს მას შველის. ამ გარემოების გამო მეამბოხეებმა ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებს შორის მოქმედებების კოორდინაცია დღემდე ვერ შესძლეს, რაც გაურკვეველ მდგომარეობას ქმნის,“ დასძენს ბარაკ სენირი.
წარუმატებელი ბრიტანული მისია შეხსენებაა იმ სირთულეებისა, რომლებსაც განიცდიან დასავლეთის მთავრობები ლიბიის მიმართ კოორდინირებული მიდგომის შემუშავებისას. ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს იმის განსაზღვრა ღირს თუ არა ოპოზიციურ ჯგუფებთან კონტაქტის დამყარება თუ ჯობია ლიბიის საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება.
ბრიტანეთის მთავრობამ წარუმატებელი მისია დაიცვა და განაცხადა, რომ ლონდონი კვლავინდებურად შეეცდება დაამყაროს კონტაქტი ლიბიის ოპოზიციურ ჯგუფებთან. ხოლო ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლკოვნიკ კადაფის დაუყოვნებლივი გადადგომისკენ.