ლიბიაში ბრძოლები გრძელდება

ლიბიაში ბრძოლები გრძელდება

ამბოხებულთა ძალები დასავლეთ ლიბიისკენ შეტევას აგრძელებენ. როგორც მოსალოდნელია, გადამწყვეტი ბრძოლა ამბოხებულებს და სამთავრობო ძალებს შორის ქალაქ სირტთან გაიმართება, რომელიც მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქია. მას შემდეგ, რაც კადაფის პოზიციებზე საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმები განხორციელდა, ამბოხებულებმა მანამდე დაკარგული პოზიციების დაბრუნება მოახერხეს. ამჯერად მათ გეზი დედაქალაქ ტრიპოლისკენ აქვთ აღებული. მანამდე კი კოალიცია ავიადარტყმებს ქალქ სირტზე ახორციელებს. ლიბიელი ამბოხებულები ქვეყნის უკვე დიდ ნაწილს აკონტროლებენ, საკვანძო საპორტო-სანავთობო ქალაქების - ბრეგას და რას-ლანუფის ჩათვლით. ამავდროულად, გუშინ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ მთლიანად იღებს სარდლობას ლიბიაში მიმდინაერე საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ოპერაციაზე.

„ნატოს ქვეყნებმა გადაწყვიტეს სრულად აიღონ პასუხისმგებლობა ლიბიაში მიმდინარე ოპერაციაზე გაეროს რეზოლუციის ფარგლებში. ჩვენი მიზანი, სამოქალაქო პირების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაა, იმ საფრთხისგან, რასაც მათ კადაფის რეჟიმი უქმნის,“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

დღესვე ლიბიის საკითხზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა. კონგრესის დამოკიდებულება პრეზიდენტისა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე ჯერ კიდევ გაურკვეველია. პრეზიდენტი ლიბიაში საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში სამხედრო -საგაერო ოპერაციას მხარს უჭერს.