ლიბერალური ინტერვენცია

ლიბერალური ინტერვენცია

უცხოური პრესის მიმოხილვა

უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ როს დუთატის სტატიით სათაურით „ძალიან ლიბერალური ინტერვენცია,“ რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ 20 მარტს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„სულ რაღაც ერთი კვირის წინ, როცა კადაფის წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხეების მდგომარეობა აშკარად უარესდებოდა, პრეზიდენტი ობამა ლიბიის სამოქალაქო ომში შეერთებული შტატების ჩარევას თითქოს არც აპირებდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტს ამერიკის მონაწილეობა სამხედრო ინტერვენციაში კარგა ხანია უნდოდა. მას უბრალოდ სურდა, რომ ამგვარი ინტერვენცია ყველაზე მრავალმხრივ ფორმატში განხორციელებულიყო.

ამ მიზანს ადმინისტრაციამ მიაღწია. ყოველ შემთხვევაში თუ ვიმსჯელებთ დაწყებითი ფაზით, ჩვენი ომი ლიბიაში გამოიყურება როგორც ლიბერალური საერთაშორისო ინტერვენციის სამაგალითო ნიმუში. გაეროს უსაფრთხოების საბჭომ და არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ მასზე თანხმობა განაცხადეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ომს მხარდაჭერა გამოუცხადეს დიპლომატებმა ჰილარი კლინტონის სახელმწიფო დეპარტამენტში და არა სამხედროებმა რობერტ გეიტსის პენტაგონში. ომის ჰუმანიტარული ამოცანა უფრო აშკარად არის განსაზღვრული ვიდრე ის თუ როგორ უკავშირდება სამხედრო მოქმედება ლიბიაში ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამას გარდა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ომი დაიწყეს არა ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ან საჰაერო ძალებმა არამედ საფრანგეთის განმანადგურებლებმა.

თუმცა, ომის მიმართ ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვან პრობლემებს ბადებს. ეს კი იმით არის განპირობებული, რომ ლიბერალური ომების წარმართვა ეგრეთწოდებულ საერთაშორისო თანამეგობრობაში მუდმივი კონსენსუსის შექმნაზეა დამოკიდებული. ამ გარემოების გამო ომთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება ხშირად ფერხდება და დიდ ხანს იკავებს, რაც თავის მხრივ სიფრთხილით არის განპირობებული და ხშირად ტაქტიკურ არაკომპეტენტურობაში გამოიხატება.“

მიმოხილვას ვაგრძელებთ დევიდ იგნათიუსის სტატიით სათაურით „მოკავშირეთა ინტერვენცია ლიბიაში,“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ვებ გვერდზე 19 მარტს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„გასული კვირის მანძილზე მომხდარი მოვლენების ანალიზი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ცხადია, რომ ობამას სურს, რომ ამერიკასა და არაბულ სამყაროს შესახებ დიდი ხნის მანძილზე შექმნილი შეხედულება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. მას ამ მიზნის მიღწევა სურს მიუხედავად იმისა, რომ მავანი მას ნებისყოფის არ ქონასა და მერყეობაში დაადანაშაულებს. ობამა, ჩემი აზრით, მართებულად გრძნობს, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ამერიკა ახლო აღმოსავლეთში უნებლიედ პოსტ-კოლონიალური ძალა გახდა. ამერიკული სამხედრო ინტერვენციის ისტორია ხომ ლიბანიდან იწყება და ერაყსა და ავღანეთში მთავრდება. როგორც ჩანს ობამას გადაწყვეტილი აქვს ერთხელ და სამუდამოდ მოუღოს ბოლო ამ ტენდენციას. ამ მხრივ იგი პრეზიდენტ ბუშის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს.

ლიბიელი მეამბოხეები დახმარებას იმსახურებენ, მაგრამ ეს შეერთებული შტატების ცალმხრივ სამხედრო მხარდაჭერას სულაც არ უნდა ნიშნავდეს. ჩვენ მხოლოდ ახლა ვეცნობით მეამბოხეებს და იმას თუ რა სურთ მათ. რამდენიმე კვირის წინ აშკარად შეინიშნებოდა ძლიერი ემოციური არგუმენტირება იმისა, რომ აუცილებელია სამხედრო ზომების მიღება, მაგრამ ამგვარ არგუმენტებს საღი სტრატეგიული დასაბუთება აკლდა.“

უცხოური პრესის დღევანდელ მიმოხილვას ვასრულებთ სარედაქციო წერილით „ომს გლობალური კომიტეტი განაგებს,“ რომელიც გაზეთ „უოლ სტრით ჯორნალში“ 21 მარტს გამოქვეყნდა. წერილში ვკითხულობთ:

„ომის წარმართვასთან დაკავშირებული კითხვები უწინარეს ყოვლისა სარდლობას, სამხედრო მოქმედებების შეზღუდულ ამოცანებსა და სტრატეგიულ მიზნებს ეხება. ჯერ-ჯერობით კოალიციის არც ერთ წევრს ამ მხრივ რაიმე გარკვევით არ უთქვამს და არც საერთო პოზიცია დაუფიქსირებია, პრეზიდენტ ობამას ჩათვლით.

გაურკვეველია აგრეთვე ისიც, თუ რომელი მხარე უძღვება „განთიადის ოდისეით“ ცნობილ სამხედრო ოპერაციას. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავჯდომარეს ადმირალ მაიკლ მალენს კვირას ტელევიზიით გამოსვლისას ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ ჩამოყალიბებული პასუხი არ ჰქონდა. ხოლო შაბათს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა მხოლოდ ის, რომ შეერთებული შტატები „ამ მისიის ფრონტის ხაზს საკუთარი უნიკალური შესაძლებლობებით დაეხმარება,“ რაც ალბათ B-2 ტიპის ბომბდამშენებისა და სამხედრო ოპერაციების მართვას გულისხმობს. თუმცა მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ლიბიაზე დაწესებულ არასაფრენ ზონას შეერთებული შტატების საერთაშორისო პარტნიორები გაუძღვებიან.

მთავარი საფრთხე რეგიონისთვის ისევე როგორც შეერთებული შტატების ინტერესებისთვის იქნება ის, რომ კადაფი საერთაშორისო კოალიციაში არსებულ უთანხმოებებს სამხედრო ზავის მოგების მიზნით გამოიყენებს. შემდეგ კი იგი მის კონტროლის ქვეშ მყოფ ლიბიის ნაწილში პოზიციებს გაიმაგრებს და იქედან არეულობის გავრცელებას შეუწყობს ხელს.“