ინტერვიუ ლიანა ჯერვალიძესთან

Energy

ამერიკის ხმა გთავაზობთ ინტერვიუს ლიანა ჯერვალიძესთან, ანალიტიკოსთან ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხებში. იგი საუბრობს იმ საფრთხეებზე, რაც არსებობს საქართველოსთვის, როგორც ენერგოტრანზიტული ქვეყნისთვის.

ამერიკის ხმა: მოგესალმებით, ქალბატონო ლიანა, გთხოვთ, გაგვაცნოთ თქვენი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რამდენად ინარჩუნებს დღეს საქართველო ენერგოტრაზიტული ქვეყნის ნიშას?

ლიანა ჯერვალიძე: ტრანზიტის კუთხით ჩვენ გაცილებით უკეთესი მოლოდინები გვქონდა, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა. ჩვენს ქვეყანაზე გადის ორი ნავთობსადენი: ბაქო-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი. ბაქო-სუფსა რეგიონული მნიშვნელობის არის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი კი საერთაშორისო მნიშვნელობის, რომელიც თურქეთში, ჯეიჰანში ღრმა წყლის პორტში შედის და იქიდან დიდი ტანკერებით გადაიზიდება ნებისმიერი მიმართულებით. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანიც არაა დატვირთული სრულად, დაახლოებით, 50-60 პროცენტს შეადგენს მისი დატვირთვა. პრინციპში, შეიძლება მისი დატვირთვა უფრო მეტად, რომ იყოს შესაძლებელი მისი მობმა ყაზახურ ნავთობთან. მაგრამ ამჟამად, ნავთობის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ანუ ნავთობზე მოთხოვნის შემცირება, დაბალი ფასები, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ამას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუ ირანის არხი გაიხსნა ამ წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში და ერთი მილიონი ბარელი დაემატა საერთაშორისო ბაზარს, ეს კიდევ უფრო დიდ კითხვის ნიშანს გააჩენს ვთქვათ, იგივე ყაზახური ნავთობის მოთხოვნის მიმართ. ამიტომ, ნავთობის კუთხით, ჩვენ, მოკლევანიან პერსპექტივაში, საკმაოდ მძიმე, მე ვიტყოდი გადაუწყვეტელი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ნავთობის კუთხით ოპტიმისტი ვერ ვიქნები.

ამერიკის ხმა: რა ვითარებაა გაზის ტრასპორტირების მიმართულებით?

ლიანა ჯერვალიძე: გაზის მიმართულებით უფრო მეტი პერსპექტივა არსებობს. თუ დასავლეთმა და კასპიისპირა ქვეყნებმა შეძლეს ჯაჭვის აწყობა, რაც გულისხმობს სამხრეთ კავკასიური გაზის კორიდორის განვითარებას. აქ საუბარია შაჰდენიზის მეორე ფაზის დაწყებაზე, რაც 2019 წელსაა დაგეგმილი. პირველი ნაკადი ევროპას შაჰდენის მეორე ფაზიდან 2020 წლის დასაწყისში უნდა მიეწოდოს, საბერძნეთის გავლით. აქ ასევე საუბარია თურქმენული გაზის მობმაზე, ტრანსკასპიური გაზსადენის აშენებაზე, რაზეც ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზრებაიჯანს, თურქმენეთს, თურქეთს, ევროკავშირს შორის, მოლაპარაკებების პროცესში საქართველოცაა ჩართული.

ამერიკის ხმა: რა საფრთხეები არსებობს საქართველოსთვის საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე დამკვიდრების მხრივ?

ლიანა ჯერვალიძე: ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი სატრანზიტო პოზიციების გაძლიერებით, გაზის კუთხით მაინც. თუ დავუშვებთ, რომ რუსული გაზის პოზიციები ევროპის ბაზარზე არ გაიზრდება, მაშინ ალტერნატიულ კასპიურ გაზს ევროპის ბაზარზე მოთხოვნა ექნება. ევროპა ვერ იტყვის უარს ამ რაოდენობის რუსულ გაზზე. დაახლოებით, 120-და 130 მილიარდამდე რუსული გაზი ევროპის ბაზარზე იყიდება. წარმოუდგენელია, რომ ევროპამ შეძლოს ამ რაოდენობის რუსული გაზის ჩანაცვლება.

ამერიკის ხმა: თქვენი მოსაზრებით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის რა იქნება ოპტიმალური სცენარი ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით?

ლიანა ჯერვალიძე: ევროპა ან დარჩება რუსულ გაზზე და რუსული გაზი შეინარჩუნებს თავის საბაზრო ნიშას და ან ევროპა, რაღაც ფორმით მოახერხებს, რომ ალტერნატიული არხები გახსნას. თუ ევროკავშირის ქვეყნები მოახერხებენ შიდა წინააღმდეგობის დაძლევას და შექმნიან ერთიან ენერგეტიკულ ბაზარს, გაცილებით მეტი ინსტრუმენტი ექნებათ შეთანხმებული პოლიტიკა აწარმოონ მომწოდებლებთან. საქართველო, რასაკვირველია, არის ევროპული მხარე ამ მოლაპარაკებებში, რაც შეეხება თურქმენეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ერთ ფლანგზე ევროკავშირთან და დაინტერესებულები ისევე, როგორც ევროაკავშირი, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის გავლით გაზის ტრანზიტი გაიზარდოს.