ლავროვი ამბობს, რომ რუსეთს ევროპაში ომი არ სურს

ოთხშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვს ევროპაში ომი არ სურდა, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებს სურდათ, უკრაინაში სამხედრო ოპერაციაში რუსეთის დამარცხება ეხილათ.

„თუ ევროპაში ომის პერსპექტივა გაღელვებთ - ჩვენ ის სულაც არ გვსურს“, თქვა ლავროვმა ომანის დედაქალაქ მუსკატში, თავის ომანელ კოლეგასთან მოლაპარაკების შემდეგ.

„მაგრამ თქვენს ყურადღებას მივაპყრობ იმ ფაქტს, რომ დასავლეთი მუდმივად და დაბეჯითებით ამბობს, რომ ამ სიტუაციაში, საჭიროა რუსეთის დამარცხება. დასკვნები თვითონ გააკეთეთ“, თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის გამო, რომელსაც თავად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინტენსიური დაბომბვების შედეგად, უკრაინის ქალაქები - ნანგრევებად, მილიონობით უკრაინელი კი დევნილად ან ლტოლვილად იქცა. დროებით დაკავებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროები სჩადიან ომის დანაშაულს და მაროდიორობენ. დიდ დანაკარგებს განიცდის რუსეთის შეიარაღებული ძალებიც, რომელიც ზოგადი სამხედრო წარუმატებლობის ფონზე, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების განურჩეველ საავიაციო და საარტილერიო დაბომბვებს მიმართავს.