ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური სარეზერვო ელექტროგადამცემ ხაზზე გადაერთო

რუსეთის მიერ ოკუპირებულმა ზაპორიჟიის ატომურმა ელექტროსადგურმა, გასულ ღამეს, კვლავ დაკარგა კავშირი მის ბოლო დარჩენილ გარე ელექტროგადამცემ ხაზთან და სარეზერვო ხაზზე გადაერთო. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერგოატომმა“ გაავრცელა.

„ენერგოატომის“ განცხადებით, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური გათიშვის პირას იყო, რადგან სარეზერვო ხაზს, მთავარი ელექტროგადამცემი ხაზის სიმძლავრის ნახევარზე ნაკლები აქვს.

„რეაქტორის სადგურისთვის, ასეთი რეჟიმი რთულია. მისი ხანგრძლივობა პროექტის დიზაინით არის შეზღუდული და შეიძლება ენერგობლოკის ძირითადი აღჭურვილობის გაუმართაობა გამოიწვიოს“, - აცხადებს „ენერგოატომი“ სოციალურ ქსელ „ტელეგრამზე“.

ასევე ნახეთ: ზაპორიჟიის სადგურის ტერიტორიაზე ნაღმები იპოვეს

ექვს რეაქტორიანი ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური, 2022 წლის თებერვალში მოსკოვის უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის პირველივე დღეებიდან, რუსეთის სამხედრო ძალების კონტროლის ქვეშაა.

ის კონფლიქტის ერთ-ერთ კერად იქცა, როდესაც მხარეებმა ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვაზე ურთიერთბრალდებები გამოთქვეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), ავარიების თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას ცდილობდა.

სადგურის ექვსი რეაქტორიდან არცერთი არ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას.

„ენერგოატომის“ მიერ გაკეთებული განცხადების პარალელურად, რუსეთის მიერ დაყენებულმა ელექტროსადგურის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ორთქლის გაჟონვის ნიშნების გამო, ნომერი 4 რეაქტორი, „ცხელიდან“, „ცივ“ გამორთვაზე გადავიდა.

ექვსი რეაქტორიდან ერთ-ერთი „ცხელ გამორთვაზე“ უნდა იყოს, რათა სადგურის საჭიროებისთვის, ორთქლი გამოიმუშაოს.

„ქარხნის პერსონალმა აღმოაჩინა გაჟონვის ნიშნები ნომერ 3 ორთქლის გენერატორის მილის სექციაში. ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის ორთქლით დასაკმაყოფილებლად, მე-6 ენერგობლოკის „ცხელი გამორთვის“ მდგომარეობაზე გადასვლა განიხილება.“ - აცხადებს ელექტროსადგურში რუსეთის მიერ დაყენებული ადმინისტრაცია, „ტელეგრამზე“.