ირანელი ქურთები თვალს ადევნებენ სირიაში მიმდინარე პროცესებს, სადაც ამბოხებულები ქვეყნის ხელისუფლების გადაგდებას ცდილობენ
Your browser doesn’t support HTML5
თავდასხმა მოულოდნელად ხდება. მოყვარულის მიერ გადაღებულ ვიდეოზე, რომლის გადამოწმებაც ვერ ხერხდება, თითქოს ჩანს, თუ როგორ ესხმიან ქურთი ამბოხებულები თავს ირანის სამხედრო რაზმს. ისინი ირანის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიზანული ჯგუფის - ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების პარტიის წევრები არიან. რეზან ჯავიდი ამ ჯგუფის მეთაურია.
„გვწამს, რომ ქურთების ლეგიტიმური უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი ირანის ცენტრალური მთავრობის მიერ; რომ მათი ეთნიკური წარმომავლობა განადგურებულია და თეირანის მხრიდან დისკრიმინაციას განიცდიან. ჩვენ ბრძოლაში მთელი ირანელი ერის თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობის აღდგენის გამო ჩავებით,” - ამბობს რეზან ჯავიდი.
ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების პარტია ირანმა და შეერთებულმა შტატებმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, თუმცა, ეს ჯგუფი ირანში მცხოვრები ქურთების შეირაღებული დამცველის როლს ასრულებს.
ერაყის საზღვრის გასწვრივ განლაგებული ბაზების იმედად, ამბოხებულებსა და ირანის რევოლუციურ საგუშაგოს შორის შეტაკებები ხშირად ხდება. გასულ წელს, ირანმა პარტიის მიერ შემოთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.
„ჩვენ ყველა ხალხისათვის თანაბრად გვინდა მშვიდობა. ჩვენ არასოდეს მოგვითხოვია ირანის შემადგენლობიდან გამოსვლა თუ ქურთისტანის ავტონომიური მთავრობის ჩამოყალიბება. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ ქურთები თანასწორუფლებიან ხალხად აღიარონ და ირანელი მოქალაქეების მსგავსი უფლებებით ისარგებლონ,” - განმარტავს ჯავიდი.
ქურთების უმრავლესობა ირანის, ერაყის, სირიისა და თურქეთის გასწვრივ ბინადრობენ. დაახლოებით 12 მილიონი ქურთი ირანის ტერიტორიაზე, ძირითადად, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ერაყის საზღვარზე ცხოვრობს.
თეირანის განცხადებით, ქურთების ცხოვრებისა და განათლების დონე, ზოგადად, გაუმჯობესდა. მათი ინტეგრაცია ხდება ასევე პოლიტიკურ პროცესებშიც. თუმცა, ქურთები ამბობენ, რომ მათ ნაკლები უფლებები აქვთ.
კამრან ბალნური წარმოშობით ქურთია. კოლეჯში სწავლისას ის ირანის ხელისუფლებამ დააკავა. ამბობს, რომ მას ხშირად აწამებდნენ და [ამის გამო] ქვეყნიდან გაიქცა.
„ზოგჯერ, შუა ღამისას მეღვიძება და ყვირილს ვიწყებ. არასწორად არ გამიგოთ, მაგრამ ეს ჩემს მეხსიერებაშია - ისევ მგონია, რომ ციხეში ვარ, ცუდი სიზმრები მტანჯავს,” - ამბობს კამრანი.
1979 წლის ირანის რევოლუციდან ძალიან მალე, აიათოლა ხომეინიმ ქურთების წინააღმდეგ ომი გამოაცხადა. ისინი შიიტურ სახელმწიფოში მცხოვრები, უმეტესწილად, სუნიტი მუსლიმები არიან.
შეირაღებული ქურთი, ეგრეთ წოდებული „ფეშმერგა” მებრძოლები ირანის სამხედრო შენაერთებმა გაანადგურა. ათასობით ქურთული სოფელი მიწასთან გასწორდა. უამრავი ქურთი იქნა მოკლული.
„როცა ქალაქები აიღეს, ქურთულ მხარეში სიკვდილით მასობრივი დასჯა დაიწყეს. მახსოვს, ჩემს პატარა ქალაქში, მაჰაბადში, ერთ დღეში 59 ადამიანი მოკლეს,” - ამბობს კამრან ბალნური.
ირანელი ქურთები თვალს ადევნებენ სირიაში მიმდინარე პროცესებს, სადაც ამბოხებულები ქვეყნის ხელისუფლების გადაგდებას ცდილობენ. ზოგიერთ მათგანს თეირანსა და დასავლეთს შორის ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ სამხედრო კონფრონტაციის იმედი აქვს. ისინი იმედოვნებენ, რომ თავდასხმა ირანის ისლამური მთავრობის წინააღმდეგ ამბოხში გადაიზრდება და ახალი მთავრობის მხრიდან ქურთებისადმი უკეთესი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას განაპირობებს.
„ვფიქრობ, ქურთების უმრავლესობა დაინტერესებულია, რომ ამ ვითარების გადასაწყვეტად სამხედრო ინტერვენციას ჰქონდეს ადგილი,” - ამბობს ირანში მცხოვრები ქურთი აქტივისტი, ბრიუს ფრიმენი.
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ირანელი ქურთები სამთავრობო ძალებთან ბრძოლას განაგრძობენ და ქურთისტანის უკეთეს მომავალზე ოცნებობენ.