კრემლის განცხადებით, მზად არიან შეისწავლონ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ე.წ "გამარჯვების გეგმა", რომელიც რუსეთთან ომის დასასრულებლადაა გამიზნული.
ზელენსკიმ თავისი გეგმა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, მიმდინარე კვირაში უნდა წარუდგინოს. ის ასევე აპირებს, თავისი გეგმის შესახებ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს ესაუბროს. ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში იმყოფება, მოგვიანებით კი ვაშიგტონს ეწვევა. თავის სამშვიდობო გეგმასაც ამ ვიზიტის ფარგლებში განიხილავს.
ასევე ნახეთ: რუსეთი „კატასტროფულ შედეგებზე“ აფრთხილებს დასავლეთს და უკრაინას, თუ კიევი ბელარუსის წინააღმდეგ იმოქმედებს
ზელენსკი გეგმის დეტალებს ამ დრომდე არ ასაჯაროებს. არსებობს მოლოდინი, რომ სწორედ ამ გეგმის წარდგენით შეეცდება ზელენსკი ამერიკასა და სხვა მოკავშირეებს თხოვოს მეტი დახმარება გაუწიონ ქვეყანას რუსეთთან ბრძოლაში გასამარჯვებლად და ომის დასასრულებლად ისე, რომ კიევის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ გარკვეულ მომენტში, გეგმის განსახილველად, რუსული მხარესთან საუბარსაც არ გამორიცხავენ.
ზელენსკის ინიციატივასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს კრემლის სპიკერს, დმიტრი პესკოვს: "ჩვენ ვთვლით, რომ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცის ანალიზი საჭირო არაა. თუ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან წამოვა, მაშინ, რა თქმა უნდა, მას დეტალურად შევისწავლით. ბევრი ერთმანეთის საწინააღმდეგო და არასანდო ინფორმაცია ვრცელდება, ამიტომ ძალიან ფრთხილად ვართ",- უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.