კრემლი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ შეფასებას ეხმაურება. სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
მოსკოვი აცხადებს, რომ ეს დასავლეთის მიერ რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის კიდევ ერთი მცდელობაა, რაც ქვეყნისთვის მიუღებელია.
რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ნავალნის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნა, ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლების შესახებ „უკანონოა“. მინისტრი ამბობს, რომ ევროპული სასამართლო, რუსეთის მართლმსაჯულების სისტემაში ერევა.
სტრასბურგის სასამართლომ 16 თებერვალს განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, „მიუთითოს რუსეთის მთავრობას“, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან ალექსეი ნავალნი, რომლის დაკავებამაც რუსეთში კრემლის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. სასამართლო განმარტავს, რომ მისი გადაწყვეტილება, მოეთხოვა ნავალნის გათავისუფლება, იმ საფრთხითაა განპირობებული, რაც შესაძლოა მის სიცოცხლეს ემუქრებოდეს.
ალექსეი ნავალნი ნერვული აგენტით მოწამვლისა და გერმანიაში სამკურნალო კურსის დასრულების შემდეგ, შინ დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს. რუსეთის სასამართლომ მას ვადამდელი გათავისუფლების პირობების დარღვევის მიზეზით სამ წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიუსაჯა.