რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მინისტრთა კაბინეტი შემდეგ თვემდე უნდა დააკომპლექტოს. მიმომხილველების თქმით, იკვეთება ნიშნები, რომ პუტინის ახლო მოკავშირე და დიდი ხნის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი, შესაძლოა, ხელისუფლებას ჩამოცილდეს.
მედვედევის ერთ-ერთი ახლო ოლიგარქი, ზიავუდინ მაგომედოვი სახელმწიფო ფინანსების გაფლანგვის ბრალდებით იქნა დაკავებული. მას ბრალი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, კალინინგრადში, სტადიონის მშენებლობის და ენერგო პროექტებიდან ფინანსების გაფლანგვაში ედება.
მოსკოვში მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ მაგნატის დაკავება შესაძლოა პუტინის თანხმობის გარეშე მოხდა. იანვარში, მაგომედოვი, რომლის ქონებასაც გამოცემა „ფორბსი“ 1.4 მილიარდ დოლარად აფასებს, ამერიკის ადმინისტრაციის სიაში მოვხდა, სადაც იმ თანამდებობის პირებზე იყო საუბარი, რომლებიც პრეზიდენტ პუტინთან და მის ახლოს წრესთან არიან კავშირში. მაგომედოვი არა მხოლოდ რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური მოკავშირე, არამედ ასევე პრემიერ-მინისტრის მოადგილე არკადი დვორკოვიჩთან დაახლოებული პირია.
მაგომედოვი შაბათს ძმასთან მაგომედ მაგომედოვთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანი ლეფორტოვოში გადაიყვანეს, შენობაში რომელიც „KGB“-ს დაქვემდებარებაში იყო.
პუტინის მეოთხე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, რომელიც ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით შესაძლოა მისი უკანასკნელი ვადა იყოს, პოლიტიკურ წმენდაში ბევრი მაღალი დონის პირი შესაძლოა მოჰყვეს.
მარტის არჩევნებამდე, ბევრი უკვე საუბრობდა იმაზე, შეცვლიდა თუ არა პუტინი კონსტიტუციას, რათა 6 წლის თავზე კიდევ ერთხელ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა.
კრემლის შიგნით "ამერიკის ხმის" წყარო ამბობს, რომ პუტინს ჯერ თავად არ მიუღია გადაწყვეტილება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით რომ ხელისუფლებისთვის ერთმანეთს სხვადასხვა კლანი ებრძვის. ისინი ორ ნაწილად „ძალოვნებად“ და „ტექნოკრატებად“ იყოფიან.
ამასთან, კრემლთან დაახლოებული წრის შვილები და ახალი თაობა მნიშვნელოვან როლებს უმიზნებს. „განსხვავებები უფრო კომპლექსურია ვიდრე დამკვირვებლები ფიქრობენ“, - ამბობს წყარო, რომელიც ელცინის და პუტინის ადმინისტრაციებში მუშაობდა.
49 წლის ზიავუდინ მაგომედოვი, დაღესტანიდანაა. ის ენერგო, ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და აგრარული ბიზნეს კონგლომერატის „სუმას“ მეპატრონეა. მისი აღმასვლა ცენტრალური აზიის პატარა მილსადენების კომპანიიდან ბიზნეს მაგნატამდე ელვის სისწრაფით განვითარდა. ის მსგავს „წარმატებას“ მედვედევს უნდა უმადლოდეს, ამბობენ მიმომხილველები.
უკანასკნელ პერიოდში მან „ახალი აბრეშუმის გზის“ იდეა გააჟღერა, რომელიც შორეული აღმოსავლეთიდან ევროპამდე სწრაფი სიჩქარის სარკინიგზო ქსელის გაყვანას ითვალისწინებდა.
ორშაბათს, პრეზიდენტ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკომა უარყო ვერსია, რომ ძმებ მაგომედოვების დაკავება ძალაუფლების ბრძოლის ნაწილია და მისთვის ბიზნესი წართმევას ემსახურებოდა. პესკოვის თქმით, ეს უბრალოდ „ანალიტიკოსთა ჭორებია“.
„ეს მედვედევის იმიჯს ურტყამს“, - განაცხადა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ევგენი მინჩენკომ გამოცემასთან „ვედომოსტი“ საუბრისას.
მინჩენკოს აზრით, პუტინი სავარაუდოდ მედვედევს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნავს, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ „შესაძლოა სხვადასხვა ელიტურ წრეებს განსხვავებული აზრი ქონდეთ ამ საკითხზე“. არსებობს ვერსიაც, რომ პუტინს სურს მედვედევის გავლენა შეამციროს.
მიმომხილველთა ნაწილი მომხდარში იგორ სეჩინის, რუსეთის ნავთობ-კომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელის ხელს ხედავს. სეჩინს ბევრი მიიჩნევს, როგორც კრემლის „ძალოვნების“ ფრაქციის წარმომადგენელს. მან წარსულში საზღვაო და ენერგეტიკის სექტორში, ბალტიის და შავ ზღვაზე მაგომედოვის ორი საწარმო დაბლოკა. მან ასევე შეაჩერა მისი მცდელობა გაეფართოებინა გემთმშენებლობის პროექტი.
მაგომედოვის დაკავება 2014 წელს სეჩინის სხვა მოქიშპის ვლადიმირ იევტუშენკოვის საქმეს ჰგავს. იევტუშენკო მაშინ ფულის გათეთრებისთვის დააკავეს. ის მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ნავთობკომპანია „ბაშნეფტის“ რენაციონალიზაცია მოხდა და მისი აქციები „როზნეფტს“ გადაეცა.
ბევრს მიმდინარე მოვლენები 2008 წელს ახსენებს, როდესაც პუტინს უნდა გადაეწყვიტა შეცვლიდა თუ არა კონსტიტუციას, თუ გაცვლიდა ადგილებს პრემიერ-მინისტრ მედვედევთან. მაშინ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში მთავარი მოთამაშეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ასევე იმის მოსასინჯად, თუ რამდენად არსებობდა შანსი გამხდარიყვნენ პუტინის მემკვიდრეები, თავად ან მათი კანდიდატების გაყვანით, თუ ის ადგილს დათმობდა.
ამ ფრაქციულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. პუტინმა გადაწყვეტილების მიღება გადადო, რამაც მოქიშპე ძალაუფლების ცენტრებს შორის კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობა. მას შემდეგ რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთი დაასუსტეს, პუტინმა მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების გატარება დაიწყო.