პრეზიდენტმა ობამამ ამ აქტს "უაღრესად პროვოკაციული" უწოდა
Your browser doesn’t support HTML5
ორი თვის წინ, ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვებას ამერიკის მხრიდან შეშფოთება და მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.
პრეზიდენტმა ობამამ ამ აქტს უაღრესად პროვოკაციული უწოდა. თავდაცვის დეპარტამენტის მდივანმა ლეონ პანეტამ კი ფხენიანის ქმედება მნიშვნელოვან გაფრთხილებად შეაფასა:
„ჩვენ ვნახეთ, რა გააკეთა ჩრდილოეთ კორეამ უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ჯერ რაკეტა გაისროლეს, ხოლო შემდეგ კი ბირთვული ტესტი ჩაატარეს. ისინი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ საფრთხისთვის თავის გასართმევად.“
ამერიკის ჯარები საბრძოლო მზადყოფნაში არიან და პარალელურად აფეთქების შედეგებს აანალიზებენ. ტესტირების შედეგად ამერიკელი სამხედრო მეცნიერები ეცდებიან იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რა სახის ბომბი იქნა აფეთქებული მიწის ქვეშ. ჰაერის ნიმუშების გაანალიზებით მათ საშუალება ექნებათ, დაადგინონ ნაწილაკების შემადგენლობა - ანუ წინა ორი საცდელი გასროლის მსგავსად, ესეც პრუტონიუმის ბომბი იყო, თუ გამდიდრებული ურანის. თუ ფხენიანმა გამდიდრებული ურანის ბომბი ააფეთქა, ეს იმის ნიშანი იქნება, რო მათ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროგრესი აქვთ.
შეერთებული შტატები ეცდება იმის დადგენას, თუ საიდან მოიპოვა ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული მასალა. გავლენიანი გაზეთ "ნიუ იორკ ტაიმსის" ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში, ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა შეიძლება ბირთვულ ბომბს ირანისთვის სცდიდეს. თუმცა, ამ მოსაზრების გასამყარებლად მტკიცებულებები საჯაროდ არ არის გამოქვეყნებული.
ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული რაკეტის პირველი ტესტი 2006 წელს განახორციელა, მეორე კი 2009-ში. ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ მესამე ტესტირებამ შეიძლება ამერიკის მიერ ბირთვული არსენალის შემცირების გადაწყვეტილება შეცვალოს.
რეიმონდ ტანტერი იარაღის კონტროლის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე იყო რეიგანის ადმინისტრაციის დროს. ის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორია:
„ახლა არასწორი დროა იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეას გავაგებინოთ ის, რომ ბირთვულ არსენალს ვამცირებთ.“
ჯერ უცნობია, თუ რამდენად წარმატებული იყო ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ბირთვული იარაღის რიგით მესამე ტესტი. თუმცა, ერთი რამ უდავოა, რომ ფხენიანმა ვაშინგტონის ყურადღების მიპყრობა წარმატებით მოახერხა, რადგანაც ტესტის შესახებ განცხადება პრეზიდენტ ობამას ერისადმი ყოველწლიურ მიმართვამდე გააკეთა.