ფხენიანის საბრძოლო რიტორიკის მიუხედავად სეულში პანიკა არ შეინიშნება
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პაკ კინ ჰე აცხადებს, რომ ის სერიოზულად აფასებს ჩრდილოეთ კორეის მუქარას, რამაც შესაძლოა კორეის ნახევარკუნძულზე დაპირისპირება გამოიწვიოს. დეტალებს სეულიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სტივ ჰერმანი არკვევდა.
ორ კორეას შორის არსებული დაძაბულობის მანძილზე სამხრეთ კორეის ლიდერის ბოლო განცხადება განსაკუთრებულად მწვავე იყო.
პრეზიდენტმა პაკმა თავდაცვის მინისტრს განუცხადა, რომ ისინი მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყვნენ, რათა ნებისმიერ პოლიტიკურ ვითარებაში პასუხი გასცენ ჩრდილოეთ კორეას თავდასხმის შემთხვევაში.
პრეზიდენტთან გამართული ბრიფინგის დროს, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც სამხედროებს ნება ეძლევათ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ წინმსწრები დარტყმა განახორციელონ, რათა ფხენიანს არ მიეცეს ბირთვული და სარაკეტო იერიშის საშუალება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ უნმა კვირას განაცხადა, რომ ფხენიანი თავის ბირთვულ არსენალს გააფართოვებს. მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წინაშე გამოსვლისას კიმ ჩენ უნმა „ახალი სტრატეგიული ხაზის“ შექმნის შესახებ ისაუბრა. ორშაბათს ჩრდილოეთ კორეაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო შეიკრიბა, თუმცა დეტალები ჯერ უცნობია.
ფხენიანის მკვეთრი რეაქცია რამდენიმე კვირის წინ სამხრეთ კორეის და შეერთებული შტატების ერთობლივმა სამხედრო წვრთნებმა გამოიწვია. ამ წვრთნებში შეერთებულმა შტატებმა საჰაერო ძალის მანამდე უჩვეულო დემონსტრირება მოახდინა და სწავლებებში ფართო შესაძლებლობების B-52 da B-2 ტიპის სტრატეგიული ავიაცია ჩართო.
ამ თვეში ამერიკულ საზღვაო ქვეითთან ერთად სამხრეთ კორეელი საზღვაო ქვეითების წვრთნა იგეგმება. ყოველივე ამის საპასუხოდ, ფხენიანმა განაცხადა, რომ ის ამერიკის ტერიტორიაზე და ასევე წყნარ ოკეანეში ამერიკული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ პრევენციულ დარტყმებს განახორციელებს. ასევე ფხეინამა სამხრეთ კორეასთან გაწყვიტა საკომუნიკაციო არხი და ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
მანამდე კი, გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა, მას შემდეგ რაც ფხენიანმა დეკემბერში შორი რადიუსის რაკეტა გამოცადა, ხოლო თებერვალში კი მესამე ბირთვული ტესტი განახორციელა.
ფხენიანის საბრძოლო რიტორიკის მიუხედავად სეულში პანიკა არ შეინიშნება. ტაილანდმა განაცხადა, რომ მისი დიპლომატიური წარმომადგენლობა საგანგებო ვითარების შემთხვევაში ევაკუაციისთვის მზად არის. ასევე სეულში განთავსებული სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობები აცხადებენ, რომ ისინი ვითარების შესაბამისად იმოქმედებენ. თუმცა, ამის ნიშანი კი ქალაქ კესონში მდებარე სამხრეთის და ჩრდილოეთის ეთობლივი საწარმოების დახურვა გახდება. ქალქეი კესონი დემილიტარიზებული ზონის ჩრდილოეთით მდებარეობს. აქ სამხრეთ კორეელების ასობით საწარმო მუშაობს, სადაც ჩრდილოეთ კორეელი მუშები არიან დასაქმებული.
სამხრეთ კორეის უნიფიკაციის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ კესონის საწარმოები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.
სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მთავრობა ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და საგანგებო ვითარების შემთხვევაში ზონიდან გაიყვანოს. თუმცა, სამხრეთ კორეა არ აკონკრეტებს დეტალებს, თუ როგორ იმოქმედებს ამა თუ იმ სიტუაციაში. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კესონის საწარმოების დახურვა საგანგებო მდგომარეობის დაწყების ნიშანი იქნება, რადგანაც კესონის ზონა გაღატაკებული და იზოლირებული ჩრდილო კორეელებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.