პარასკევს, სომხურმა სასამართლომ, ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრების შესახებ გამოაცხადა, რომელსაც საგანგებო გამომძიებლებმა, ცოტა ხნის წინ, ბრალი ხელისუფლების უზურპაციაში წაუყენეს.
სომეხი გამომძიებლების მიერ დაკავების შესახებ შუამდგომლობის შეტანიდან ერთ დღეზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ, საერთო სამართლის ერევნის საქალაქო სასამართლომ, ქოჩარიანის დაკავების შესახებ გამოაცხადა.
ქოჩარიანის ინტერესების დამცველმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, არამ ორბელიანმა,წინასწარი გამოძიების კონფიდენციალურობის მიზეზით, მისი დაპატიმრების შესახებ დეტალების გახმაურებაზე უარი განაცხადა. მან თქვა, რომ მისი გუნდი პასუხს ამზადებდა, რომელიც 28 ივლისის პრეს-კონფერენციაზე გაჟღერდებოდა.
პრეს-კონფერენციაზე ადვოკატმა ორბელიანმა წაყენებულ ბრალს „სასაცილო“ და „დაუსაბუთებელი“ უწოდა. მან მიანიშნა, რომ არ არსებობდა ლოგიკური იურიდიული კავშირი სისხლის სამართლის კოდექსის მე-300-სე მუხლის პირველ ნაწილსა და ქოჩარიანის ქმედებების მტკიცებულებებს შორის, რომელიც ამ მუხლის მიხედვით წაყენებული ბრალის საფუძველი იქნებოდა.
ქოჩარიანის სამმა ადვოკატმა, რუბენ სარქისიანმა, სარქის გრიგორიანმა და არამ ორბელიანმა კონკრეტულად არავინ დაადანაშაულა, მაგრამ აშკარაა, რომ როდესაც წაყენებულ ბრალს „პირადი და პოლიტიკური დევნის“ მაგალითს უწოდებენ, თითს სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისკენ იშვერენ.
ქოჩარიანის ოფისის ხელმძღვანელმა ვიქტორ სოღომონიანმა, ექს-პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა და თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
ქოჩარიანი 1998 წლიდან 2008 წლამდე სომხეთის მეორე პრეზიდენტი იყო და მას გამომძიებლები, არჩევნების შემდგომი მოვლენების დროს კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში სდებენ ბრალს, როდესაც 2008 წლის მარტში, მისი მოკავშირე სერჟ სარგსიანი შემდეგ პრეზიდენტად აირჩიეს.
2008 წლის თებერვალ-მარტში, ოპოზიციამ არჩევნების გასაპროტესტებელი გამოსვლები მოაწყო და აცხადებდა, რომ არჩევნებში გამარჯვება მათ კანდიდატმა, ლევონ ტერ-პეტროსიანმა მოიპოვა.
პროტესტები დაშალეს და პოლიციასთან შეტაკებებში 10 ადამიანი დაიღუპა. საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები ძალაში დატოვა.
ნიკოლ ფაშინიანი, ოპოზიციის მაშინდელი აქტივისტი, 2009 წლის ივნისში, არჩევნების შემდგომი პროტესტების დროს არეულობის წაქეზების ბრალდებით დააპატიმრეს. ამ წლის 8 მაისს, ის პარლამენტმა პრემიერ მინისტრად აირჩია.
ქოჩარიანმა, რომელიც ევროპიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, თქვა, რომ ბრალი პოლიტიკურად არის მოტივირებული, მაგრამ დასძინა, რომ მზად არის ციხეში ჩაჯდეს.
სომხურ დამოუკიდებელ „იერკირ მედია ტვ“-ს მან უთხრა: „ბრალდება ფიქტიური, შეთითხნილი, უკანონოა და პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს“, იქვე დაამატა, რომ „ბრალდების შეთითხნილი ბუნების გამო“, შესაძლოა ჩვენება არ მისცეს და გამომძიებლებთან არ ითანამშრომლოს.
ქოჩარიანმა ასევე თქვა, რომ სავარაუდო განვითარება მისი დაპატიმრება იქნებოდა, მაგრამ გაქცევას არ აპირებდა.
„ვაპირებ ციხეში ვიჯდე და ბოლომდე ვიბრძოლო.“
სასიკვდილო შეტაკებების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლითაც დაგმო, როგორც თვითონ უწოდა, „თვითნებური და უკნონო მკვლელობები.“
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს მდივანმა პარასკევს თქვა: „შეერთებული შტატები სომხეთის ხელისუფლებას თანმიმდევრულად მოუწოდებდა, ამ მოვლენებზე სერიოზული, დამაჯერებელი და დამოუკიდებელი გამოძიება ჩაეტარებინა. ჩვენს სომეხ პარტნიორებთან ვაგრძელებთ ხაზის გასმას იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების პატივისცემა, როდესაც საქმე მართლმსაჯულების აღსრულებას ეხება.“
ფაშინიანის ადმინისტრაციის მიერ დაყებული, ამ საქმესთან კავშირის არმქონე, ანტი-კორუფციული გამოძიებები ყოფილი პრეზიდენტების, სარგსიანის და ქოჩარიანის უამრავ მომხრეს შეეხო.
ცოტა ხნის წინ, „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ფაშინიანის მოადგილემ, არარატ მირზოიანმა თქვა, რომ არცერთი ანტი-კორუფციული გამოძიება, პოლიტიკურად მოტივირებული არ არის.
მან თქვა: „ჩვენი ბრალი არ არის, რომ მოკვლევით აღმოჩენილი ფაქტების 99 პროცენტი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრებს ეხება. ეს ის პარტიაა, რომელიც ხელისუფლებაში იყო. ეს ის პარტიაა, რომელმაც ხელისუფლების გადაცემაზე უარი თქვა. ეს ის პარტიაა, რომელმაც საკუთარი ხელისუფლების გასაგრძელებლად ყველა ბერკეტი გამოიყენა. სტატისტიკის გარდა, იქ სხვა განზრახვა არ არის.
ჩვენ ვთქვით, რომ პოლიტიკური ვენდეტა არ იქნება და ამაში დარწმუნებული ვართ.“