ვადამდელი არჩევნების შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მას მიაჩნია, რომ წარუმატებლობისთვის არის განწირული ენმ-ის მიერ დაანონსებული ნებისმიერი აქცია.
„ისინი [„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები] რჩებიან საკუთარ დღის წესრიგში, საუბრობენ მუდმივად აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომლებსაც აყენებენ. რა თქმა უნდა, სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. თუ არ ვცდები [მელიას ბრიფინგზე] ეს სიტყვები იყო გამოყენებული: „უმძიმესი კრიზისი“. ერთადერთი ადგილი, სადაც არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, როგორც ჩანს, დაძლევადი არ არის. ამას საზოგადოება ხედავს (ერთმანეთთან დაპირისპირებას), ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები - სააკაშვილი და მელია ერთმანეთს ვერ იტანენ. ერთმანეთს ერჩიან და ეს გარეთაც არის გამოტანილი, უფრო მეტიც, მათი მხარდამჭერებიც კი ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულები. ეს არის შიდა დაპირისპირებები, საერთო სისუსტე, რომელსაც ისინი ავლენენ. აერიათ ქვეყანაში ვითარება, ყველა ეს მცდელობა ჩავარდა. ესეც განაპირობებს, რა თქმა უნდა, მათ შიდა დაპირისპირებებს. იმედგაცრუებას მათი პარტიის რიგებში", - მიიჩნევს ირაკლი კობახიძე.
ასევე ნახეთ: თორნტონი: მთავრობამ უნდა აირჩიოს ივანიშვილის დაცვასა და დემოკრატიას შორის„ქართული ოცნების" თავმჯდომარე დაპირისპირების დასტურად სოციალურ ქსელში მიმდინარე დაპირისპირებას ასახელებს. „პირდაპირ საჯაროდ „ფეისბუკზე“ აგინებენ ერთმანეთს და ერთმანეთის მხარდამჭერები აგინებენ ერთმანეთს", - შენიშნა მან.
პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ამის შესახებ ბრიფინგი გამართა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. მან განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისის განსამუხტად.