რა როლი აქვს შეერთებულ შტატებს მსოფლიო პოლიტიკაში და რას უნდა ველოდეთ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისგან? ამერიკის საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზე, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაზე, „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია გავლენიან რესპუბლიკელ კონგრესმენს ადამ კინზინგერს ესაუბრა. ნანა საჯაია მოგვიყვება უფრო ვრცლად.
„ჩვენი მისიაა მსოფლიოსთვის კარგი მმართველობის მაგალითი ვიყოთ“ - ასე აფასებს თანამედროვე აშშ-ის მისიას რესპუბლიკელი კონგრესმენი ილინოისის შტატიდან ადამ კინზინგერი.
„რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ჩვენ ახლა რთული ვითარება გვაქვს. რუსეთი ცდილობს ძველი საბჭოთა იმპერია აღადგინოს, რასაც ის ვერასდროს შეძლებს. ამის მიუხედავად იმედი მაქვს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა მოხერხდება. საქართველო და უკრაინა დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათ შეერთებული შტატების მხარდაჭერა აქვთ.“
ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ფრედერიკ ჰოფი მიიჩნევს, რომ რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა მოძველებულია და შეერთებულმა შტატებმა რეგიონის ქვეყნებთან უფრო ახლო თანამშრომლობა უნდა ჩამოაყალიბოს.
“ჩემი აზრით შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს. ბევრ სხვა სფეროსთან ერთად რუსეთი და რუსეთის სამეზობლო ამერიკის პოლიტიკის ნაწილია. ახლა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ უნდა დაისახოს თუ რა მიზნები აქვს ამ რეგიონში. ეს პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს. ეჭვი არ მეპარება, რომ ამერიკის პოლიტიკა უცვლელი დარჩება და მეზობელი ქვეყნების დამოუკიდებლობას დაუჭერს მხარს.“
წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად კონგრესმენი ნატო - საქართველოს პარტნიორობას ასახელებს, და ამბობს, რომ ნატოს მისიებში მონაწილეობით საქართველოს სამაგალითო პარტნიორია.