დღეს კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლიმ, რომლებიც წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ორპარტიული მხარდამჭერი ჯგუფის თავმჯდომარეები არიან, საქართველოში განვითარებული ბოლო პოლიტიკური მოვლენების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:
“დღევანდელი ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” ტოვებს 19 აპრილის საპარლამენტო შეთანხმებას, სამწუხაროდ, ცხადყოფს იმ მიმდინარე გამოწვევებს, რომელიც საქართველოს დემოკრატიას უდგას. იმედგაცრუებულნი ვართ ამ ამბით; იმითაც, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს, შეერთებოდნენ შეთანხმებას; აგრეთვე, ზოგადად, თბილისში პოლიტიკის პოლარიზაციით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ, გადააფასონ პრიორიტეტები და იმუშაონ ერთად საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მის დასანგრევად.”
“მხოლოდ საკანონმდებლო პროცესითაა შესაძლებელი ქვეყნის მართვის რთული საკითხების გადაწყვეტა. ვისაც საქართველოს დემოკრატიის დამარცხება სურს, ძალას მატებს პოლიტიკოსთა მიერ უკან გადადგმული ნაბიჯები, თითის სხვებისკენ გაშვერა და შეთქმულებათა გავრცელება. მზად ვართ, დაგეხმაროთ, სადაც შეგვიძლია, რათა საქართველოს დემოკრატიის მიმართ ნდობა აღვადგინოთ.”
გუშინ ანალოგიური შინაარსის განცხადება გაავრცელეს მაღალი რანგის ამერიკელმა სენატორებმაც. მათი თქმით, "ჩვენ, როგორც აშშ-ის სენატის კანონმდებლები, მოგიწოდებთ ოქტომბრის თვეში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმასჯულების და საარჩევნო რეფორმის კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ. საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხი, ვერ შეუწყობს ხელს დახმარების პირობითობას, საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს სწრაფვას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ და დააზიანებს აშშ-საქართველოს ორმხირვ ურთიერთობას. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს." - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ჯინ შაჰინი, რონ ჯონსონი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რობ პორტმანი, კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.
"ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანმხება გაუქმებულად გუშინ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. განცხადება გუნდთან ერთად პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
პარტიის გადაწყვეტილებას მწვავე რეაქციები მოჰყვა ბრიუსელსა და ვაშინგტონში. დაისვა კითხვები ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის შესახებ. მეტიც, ვაშინგტონში ექსპერტულ წრეებში აცხადებენ, რომ "მიზანმიმართული სანქციების" დროა.
ასევე ნახეთ: "მმართველი პარტიის მისამართით საყვედურები ვერ იქნება,"- თალაკვაძე