შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯიმ რიში გიგი უგულავას დაპატიმრების საქმეს ეხმაურება. უგულავას საპატიმროში მისვლიდან რამდენიმე საათში სენატორმა, სენატის საგარეო კომიტეტის ოფიციალურ "ტვიტერის" გვერდზე, შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა:
"იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული შევიწროების გაზრდის გზა აირჩია. როგორც გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, სასამართლო დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელი ქცევაა".
განცხადება გააკეთა კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათვმჯდომარე, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმაც. სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გიგი უგულავას დაკავებას ის ასე გამოეხმაურა:
"გიგი უგულავა, ევროპული საქართველოს ლიდერი, დღეს დააკავეს და 38 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც სასჯელი უკვე მოიხადა. იმის თქმა, რომ ეს შემაშფოთებელია, არასათანადოდ [მკაცრი] შეფასებაა. სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის," წერს კინზინგერი.
კონგრესმენნი გასულ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
ამ განცხადების გაკეთებამდე, ერთი დღით ადრე, კონგრესმენმა კინზინგერმა კიდევ ერთი განცხადება გამოქვეყნა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრა შეაფასა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სპიკერთან შეხვედრა „პროდუქტიული“ იყო. „ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-საქართველოს პრტნიორობაში ჩვენი საერთო მიზნები. ვაფასებ სპიკერ თალაკვაძის მიერ გაწეულ ძალისხმევას, რომ გვესტუმრა და განვიხილეთ ჩვენი ალიანსის მნიშვნელობა. ვაფასებ ჩვენს მეგობრობას.“
კონგრესმენი აცხადებს, რომ ის ჩაერთო „პოლიტიკურ კრიზისში“ მონაწილე სხვადასხვა მხარესთან დიალოგში.
„დემოკრატია არ არის მარტივი და მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო დემონსტრაციები ნორმალურია თავისუფალი ქვეყნისთვის, ისინი უნდა იყოს მშვიდობიანი ფორმის. ამასთან, მოქალაქეებმა უნდა იცხოვრონ გარანტიით, რომ მათი სასამართლო სისტემა იქნება სამართლიანი ყველასადმი, დამოუკიდებელი და პოლიტიკური მიკერძოებების გარეშე.“
განცხადების ბოლოს კონგრესმენმა დასძინა, რომ „საქართველოში, კომპრომისის მიღწევა უნდა მოხდეს ყველა ჩართულ მხარეს შორის იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას დემოკრატია და თავისუფლება, რომელიც მათ სურთ.“