მიხაილ ხოდორკოვსკი გაათავისუფლეს

შეეცდება თუ არა ხოდორკოვსკი „იუკოსის“ ქონებისთვის სასამართლო დავის წამოწყებას?

Your browser doesn’t support HTML5

პუტინის შეწყალების აქტი

პარასკევს რუსეთის პრეზიდენტმა შეწყალების აქტით გაათავისუფლა მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელმაც 10 წელი გაატარა საპატიმროში. პრეზიდენტმა პუტინმა ეს წარმოადგინა, როგორც ჰუმანურობის პრინციპით ნაკარნახევი ქმედება, თუმცა ზოგიერთი შეფასებით ეს უფრო პოლიტიკური სარგებლის მიღების მცდელობაა ვიდრე ჭეშმარიტი ჰუმანურობის გამოვლენა.

ამ თემაზე ამერიკის ხმა რუსეთის საკონსტიტუციო და მუნიციპალური სამართლის კათედრის გამგის მოადგილეს ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში ილია შაბლინსკის ესაუბრა. ის ასევე არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი.

მისი აზრით, შესაძლოა ხოდორკოვსკის გათავისუფლება ამნისტიის მეშვეობით უფრო უპრიანი ყოფილიყო, თუმცა პრეზიდენტმა პუტინმა ამჯობინა ხაზი გაესვა პრეზიდენტის როლისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ სულ ცოტა ხნის წინ პროკურატურის წარმომადგენლები „იუკოსის“ საქმეზე დამატებით ახალი საქმეების წარმოდგენას გვპირდებოდნენ, მოვლენების ასეთი განვითარება მხოლოდ სიხარულის მომგვრელია.

შაბლინი ამბობს, რომ შეწყალების შესახებ შუამდგომლობის შეტანა არ ნიშნავს ავტომატურად დანაშაულის აღიარებას და შემდგომი რეაბილიტაციაც არანაირად არ შეიძლება იყოს დაკავშირებული ასეთი შუამდგომლობის არსებობასთან. სამართლიანი სასამართლო პროცესის შემთხვევაში, იგივე შედეგი შეიძლება მივიღოთ, რაც ადამიანის უფლებათა საბჭომ სამი წლის წინ მიიღო.

მისი აზრით, ხოდორკოვსკი არ შეეცდება „იუკოსის“ ქონებისთვის სასამართლო დავის წამოწყებას, რადგან არასამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც მთავარია ძალის ფაქტორი, სამართლებრივი დავა უპერსპექტივოა.