ბაქოს სერიოზული დანაშაულების სასამართლომ დღეს ხადიჯა ისმაილოვას, აზერბაიჯანში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჟურნალისტს, 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ის არაკანონიერი ბიზნესის წარმოებაში, გადასახადებისგან თავის არიდებაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და თანხების მითვისების ბრალდებებში დამნაშავედ სცნო. სასამართლომ მას თვითმკვლელობის წაქეზების წინა ბრალდება მოუხსნა.
ნიუ-იორკში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი" აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილებას გმობს და აპელაციის დროს ყველა ბრალდების მოხსნას მოითხოვს. ამერიკის მიერ დაფინანსებული რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ისმაილოვა ყველა ბრალდებას უარყოფს.
ჟურნალისტის დაპატიმრებას ასევე მკაცრად გამოეხმაურა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია. ეუთოს მედიის თავისუფლების წარმომადგენელის დუნია მიატოვიჩის თქმით, „ისმაილოვას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უსამართლოა. ეს კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ მთავრობა ქვეყანაში კრიტიკული ხმის ჩახშობას ცდილობს.“
აზერბაიჯანში დამატებით, სულ მცირე, შვიდი ჟურნალისტია დაპატიმრებული. აზერბაიჯანი იმ ქვეყნების ათეულში შედის, სადაც პრესის თავისუფლება ყველაზე მეტად იზღუდება.