შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი (1998-2001) ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.
უვიზო მიმოსვლა საქართველოს პროგრესის აღიარებააკენეტ იალოვიცი
"საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობისა და ბიზნესის კეთებისთვის გზა ეხსნებათ,“ - ამბობს იალოვიცი.
ყოფილი ელჩის აზრით, მეორე მნიშვნელოვანი ამბავია რუსეთის მთავრობის მზადყოფნა, საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეგულაციები შეუმსუბუქოს. იალოვიცს მიაჩნია, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი, შესაძლოა, იმის აღიარება იყოს, რომ “ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა სტრატეგიული შეცდომა იყო. რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები სწორედ ამის შემდეგ გაიყინა. სეპარატისტული რეგიონების „დამოუკიდებლობა“ არცერთმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ არ აღიარა. ევროკავშირის გადაწყვეტილებამ, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ, მოსკოვს საქართველოს მიმართ ამგვარი „ჟესტის“ გაკეთებისკენ უბიძგა.“
კითხვას, თუ როგორ აფასებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომ საგარეო რისკები შემცირებულია და რუსეთთან „პრაგმატული პოლიტიკა“ გაგრძელდება, იალოვიცი პასუხობს, რომ ბატონი კვირიკაშვილის განცხადება „დაბალანსებული და სავსებით გამართლებულია. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების პრაქტიკული შედეგია ის, რომ შეზღუდულ ფორმატში აღდგა დიალოგი რუსეთთან. რასაკვირველია, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის საკითხების გადაუჭრელობის გამო ბევრი არაფერი შეცვლილა. ეს საკითხები, სავარაუდოდ, 2016 წელსაც გადაუჭრელი დარჩება, თუმცა აბაშიძე-კარასინის ფორმატის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.“
აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას აშშ-ის ყოფილი ელჩი ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით 2015 წელიც შესანიშნავი იყო:
„ღირშესანიშნავი მოვლენა იყო საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობა ვაშინგტონში. იმედია, ახალი პრემიერიც მალე ეწვევა შეერთებულ შტატებს.კენეტ იალოვიცი
"ამასთან ერთად, ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) მიიღოს, თუმცა ნატოს მომავალ სამიტს მაინც იმედით ვუყურებ.“
ყოფილი ელჩის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, გააგრძელოს ჯარის რეფორმირება ნატოსთან თავსებადობის ამაღლების მიზნით. დასკვნის სახით კენეტ იალოვიცი ხაზგასმით აცხადებს, რომ ერაყში, ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ძალისხმევა აღიარებული და დაფასებულია.