შეერთებული შტატების მთავრობაზე ზედამხედველმა ფედერალურმა სააგენტომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ თეთრ სახლს მოუწოდებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი და ახლო მოკავშირე კელიან კონვეი ეთიკური რეგულაციების დარღვევის გამო სამსახურიდან დაითხოვოს. საგანგებო იურიდიულმა საბჭომ თეთრ სახლს წერილობით აცნობა, რომ კონვეი ფედერალური სამსახურის მოთხოვნებს არღვევს და განმეორებით ერთვება პოლიტიკურად მიკერძოებულ საქმიანობაში.
საბჭოს მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ კონვეი რეგულარულად არღვევს „ჰეტჩის აქტს“, რომელიც ფედერალური მთავრობის თანამშრომლებს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას უკრძალავს. „გამომდინარე იქიდან, რომ კონვეი განმეორებით არღვევს და უგულვებელყოფს კანონს, იურიდიული მრჩევლის ოფისი იძლევა რეკომენდაციას, რომ ის ფედერალური სამსახურიდან გათავისუფლებული იქნას“ - ნათქვამია წერილში.
თეთრი სახლის იურისტმა, პატ კიპოლონმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ოფისის დასკვნა და განაცხადა, რომ სააგენტომ „უსამართლო და დაუსაბუთებელი პრეტენზიები“ გამოხატა „პრეზიდენტის ახლო მრჩეველის მიმართ".
სააგენტოს ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კონვეიმ კანონი „ოფიციალურ თანამდებობაზე ყოფნისას, დემოკრატიული საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვით“ დაარღვია, სატელევიზიო ინტერვიუებსა და სოციალურ მედიაში. ანგარიში ამბობს, რომ თუ კონვეი არ დაისჯება ეს ფედერალური მთავრობის თანამშრომელებისთვის იქნება მესიჯი, რომ მათ არ აქვთ ვალდებულება „ჰეტჩის აქტის“ მოთხოვნების შესრულების.