კელი დეგნანი სანქციებზე საუბრობს და მთავრობას მოძალადეების დასჯისკენ მოუწოდებს

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნამ საერთაშორისო უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე შეფასებები ამერიკის ელჩა საქართველოში, კელი დეგნანმა გააკეთა.

დეგნანმა თქვა, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია მოსამართლეების დანიშვნით და "სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია" ასეთ სიტუაციაში. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია რა ტიპის სანქციებზეა საუბარი, ან ვის დაეკისრება ეს სანქციები.

„საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა შეჩერდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე, რაც ჯერ არ განხორციელებულა და სწორედ ამიტომ ვართ იმედგაცრუებულები ამ მოსამართლეების დანიშვნით. პარლამენტს შეეძლო დაეპაუზებინა ეს პროცესი“, - განაცხადა ელჩმა.

ასევე ნახეთ: დიპლომატები ლაშქარავას გარდაცვალებაზე- ნარკოტიკებით ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ

დეგნანი ამბობს, რომ სახელმწიფო მდივნისა და სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე, სხვადახვა მაღალჩინოსნების განცხადებები სერიოზულად უნდა აღიქვას საქართველოს მთავრობამ და მოუსმინოს მას.

„აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები, ნაჩქარევად გაკეთებული არ არის. ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოგზავნილი შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას განხილული და არ უნდა იქნას უგულვებელყოფილი, როგორც ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებები“, - განაცხადა ელჩმა.

დეგნანმა ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი 5-6 ივლისს მომხდარ მოვლენებზეც გააკეთა.

„საჭიროა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძლიერი და ნათელი მესიჯი, რომ დადგება შედეგი მათ წინააღმდეგ, ვინც წაახალისა ძალადობა, ვინც ძალადობრივად ესხმოდა თავს მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობდნენ.

ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი მთავრობას რეფორმის გატარებამდე მოსამართლეების დანიშნვის შეჩერბისკენ მოუწოდებს

თუკი არ იქნება მკაფიო შედეგები და ძალიან ნათელი მესიჯი, რომ ძალადობა არ იქნება შეწყნარებული, ეს კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ძალადობას“, - განაცხადა დეგნანმა.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა, უსაფრთხო და დაცული გარემო შეუქმნას მოქალაქეებს, რათა გამოიყენონ კონსტიტუციით დაცული უფლებები.