კელი კოლინ დეგნანი საქართვველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარადგინეს

კელი კოლინ დეგნანი

სამშაბათს, გვიან ღამით, თეთრმა სახლმა გაავრცელა პრესრილიზი, რამდენიმე საკვანძო თანამდებობაზე წარდგენილ პირებთან დაკავშირებით. მათ შორის დასახელებულია კელი კოლინ დეგნანი. ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარადგინა.

კელი დეგნანი 25-წლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატია. ის ამჟამად ევროპისა და აფრიკის ტერიტორიაზე აშშ-ის საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველია. მანამდე, კოსოვოსა და იტალიაში ამერიკის დიპლომატიური მისიის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. დეგნანი ასევე მსახურობდა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მდებარე ნატოს ევროპულ მისიაში, შეერთებული შტატების პოლიტიკური მრჩევლის პოსტზე და სახელმწიფო დეპარტამენტში, აღმასრულებელი მდივნის თანაშემწის პოზიციაზე.

კელი დეგნანმა ბაკალავრის პირველი დიპლომი ჟურნალისტიკაში მიიღო ნორთვესტერნის უნივერსიტეტიდან, შემდეგ კი დაასრულა იურიდიული სამაგისტრო პროგრამა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. ფლობს 4 უცხო ენას და არის სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთი საპატიო ჯილდოს მფლობელი.

საქართველოში ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებს გასული წლის გაზაფხულის შემდეგ არ ჰყოლია. თანამდებობა ბოლოს იან კელის ეკავა, ამჟამად კი ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს. საქართველო არ არის გამონაკლისი, სახელმწიფო დეპარტამენტში ამჟამად ბევრი საკვანძო თანამდებობა ისევ ვაკანტურია, რის გამოც ტრამპის ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებენ.