ყაზახეთში ათობით მომიტინგე და პოლიციელი დაიღუპა დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირებების შედეგად. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულ პოლიციელებს შორის ორს თავი აქვს მოკვეთილი.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ღამის განმავლობაში მომიტინგეების მხრიდან სამთავრობო შენობების დაკავების რამდენიმე მცდელობა იყო, თუმცა მოხდა მათი “ლიკვიდაცია”. სალტანატ აზირბეკმა ეს განცხადება სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გააკეთა მას შემდეგ, რაც მასობრივი პროტესტის შემდეგ დემონსტრანტებმა ალმათში მერიის შენობა დაიკავეს, სადაც მოგვიანებით ხანძარი გაჩნდა.
სახელმწფო ტელევიზიის ინფორმაციით, მომიტინგეებთან შეტაკებების შედეგად 353 პოლიციელი დაშავდა და სულ ცოტა, 12 დაიღუპა.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ, რომელიც რუსეთის მიერ შექმნილი სამხედრო ალიანსია, განაცხადა, რომ ყაზახეთში სამშვიდობო დანაყოფებს გაგზავნის პრეზიდენტ ყასიმ-ჯომართ თოყაევის მოთხოვნის საფუძველზე.
ასევე ნახეთ: ყაზახეთის პოლიცია დემონსტრაციის დაშლას ცდილობსთოყაევმა ოთხშაბათს პირობა დადო, რომ დემონსტრაციების ჩასახშობად მკაცრ ზომებს მიმართავდა. არეულობა ქვეყნის დასავლეთში ბუნებრივ აირზე ფასების დრამატული მომატების შემდეგ დაიწყო. მოგვიანებით კი მასობრივი დემონსტრაციები დედაქალაქ ნურ-სულტანსა და ყოფილ დედაქალაქ ალმათში გავრცელდა.
თოყაევმა ასევე განაცხადა, რომ დემონსტრაციებს “ტერორისტული ბანდები” ხელმძღვანელობენ, რომლებიც დახმარებას უცხო ქვეყნებისგან იღებდნენ.
საკუთარ გამოსვლაში პრეზიდენტს არაფერი უთქვამს საზოგადოებრივ უკმაყოფილებაზე, რომელიც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას და ზამთარში გაზზე ფასის თითქმის გაორმაგებას მოჰყვა.
ყაზახეთი მსოფლიოში ზომით მეცხრე ქვეყანაა. მას ჩრდილოეთით რუსეთი და აღმოსავლეთით ჩინეთი ესაზღვრება. ყაზახეთს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ნავთობის და სხვა მნიშვნელოვანი წიაღისეულის საბადოები აქვს. ამ ყველაფრის გამო, ყაზახეთი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ქვეყანაა.