რუსულ "მირს" ყაზახეთის უდიდესმა ბანკმა მომსახურება შეუწყვიტა

ყაზახეთში უდიდესმა ბანკმა რუსეთის საკრედიტო ბარათების სისტემა "მირს" მომსახურება შეუწყვიტა. "ჰალიკ ბანკის" (თარგმანში - სახალხო ბანკი) გადაწყვეტილება, შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის გაფრთხილებას უკავშირდება.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, ამერიკის მიერ, რუსეთზე დაწესებული სანქციები იმ უცხოური ორგანიზაციების და უწყებების სანქცირებას ითვალისწინებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ ხელს შეუწყობენ რუსული ფინანსური ანგარიშსწორების სისტემების მუშაობას. სანქციების დაწესებაზე გაფრთხილება და მზაობა, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა გასულ კვირაში გამოაქვეყნა.

ასევე ნახეთ: ევროპაში მოგზაურობა - უფლება თუ პრივილეგია

"ჰალიკ-ბანკის" წარმომადგენელმა, დღეს რუსული გაზეთის, "იზვესტიას" ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ "მირის" საკრედიტო ბარათების მომსახურება შეწყვეტილია. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა.

კვირის დასაწყისში ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ორმა თურქულმა ბანკმა. ესენია "ისბანკი" და "დენიზბანკი". მათთანაც, "მირის" საკრედიტო ბარათებით ნაღდი ფულის გამოტანა შესაძლებელი აღარ არის.

მოსკოვი პირობას დებს, რომ პირიქით, "მირის" მომსახურების მასშტაბს გააფართოებს. ოღონდ, ეს რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილ ქვეყნებში მოხდება.