ყაზახეთში გაზზე ფასის ზრდას აპროტესტებენ

ასობით ადამიანი ყაზახეთის დასავლეთ რეგიონ მანგისთაუში უკვე მესამე დღეა საპროტესტო გამოსვლებს განაგრძობენ. ისინი ავტომობილებისთვის საჭირო თხევადი ბუნებრივი აირის ფასის სწრაფ ზრდას ეწინააღმდეგებიან. გაზის ფასი 2022 წლის დასაწყისში თითქმის გაორმაგდა.

დემონსრანტები ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე ღამითაც რჩებიან და გაზის ფასის შემცირებას და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. შედარებით მცირე ზომის მსვლელობები გაიმართა სხვა ქალაქებშიც. აქციების მონაწილეები სხვა ისეთ საკითხებზეც გამოთქვამენ უკმაყოფილებას, როგორიცაა კორუფცია, უმუშევრობა და დაბალი ხელფასები. პოლიციამ საპროტესტო აქციებზე ოცზე მეტი ადამიანი დააკავა.

საპროტესტო ტალღის ჩასაცხრობად, პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სამთავრობო კომისია შექმნა, რომელიც მისი ადმინისტრაციის წევრებითაა დაკომპლექტებული. მისი თქმით კომისია "მოძებნის ორივე მხარისთვის მისაღებ გამოსავალს ამ პრობლემის გადასაჭრელად და ქვეყნის სტაბილურობის საკეთილდღეოდ". პრეზიდენტმა დემონსტრანტებს კანონის ფარგლებში დარჩენისკენ მოუწოდა. მთავრობა აცხადებს, რომ შეიმუშავებს იმ ზომების პაკეტს, რომელთა მიღების შედეგადაც თხედავი ბუნებრივი აირის ფასი დარეგულირდება.

თოყაევმა პრეზიდენტის პოსტზე, 2019 წლის მარტის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ნურსულთან ნაზარბაევი ჩაანაცვლა, რომელიც ქვეყნის სათავეში 1990 წლიდანაა. ნაზარბაევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა უკავია და "ერის ლიდერის" წოდება აქვს, რომელიც მას საშუალებას აძლევს დარჩეს ქვეყნის სათავეში, ისე, რომ თავიდან აირიდოს სასამართლო თუ სხვა ტიპის პასუხისმგებლობები.