ეკონომიკური გამოცოცხლების მიუხედავად ყაზახეთი პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას

ასტანაში 1 დეკემბერს გახსნილ ეუთოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულტან ნაზარბაევი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს ესალმება

ყაზახეთში ეკონომიკური აღმავლობის მიღმა უამრავი პოლიტიკური პრობლემა დაგროვდა

მსოფლიოში სიდიდით მეცხრე ქვეყანას ყაზახეთს ბუნებრივი აირისა და ნავთობის უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები გააჩნია. ამას გარდა მსოფლიოში ურანის მადნის წარმოების მიხედვით ყაზახეთი მეცხრე ადგილს იკავებს. მაგრამ, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი ყაზახეთის უმსხვილესი ქალაქიდან ალმა ატიდან იუწყება, ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობის მიღმა უამრავი პოლიტიკური პრობლემა დაგროვდა.

ყაზახეთის ახალ დედაქალაქში ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე შეკრებილ ლიდერებს პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა მიმართა სიტყვით, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ყაზახეთის მთავრობამ შექმნა დემოკრატია მსოფლიოს იმ რეგიონში, სადაც ამგვარი პოლიტიკური წყობა მანამდე არც არსებობდა.

ყაზახეთი ევროპა-აზიის ზღვარზე მდებარეობს და ამ ქვეყნის ტერიტორია რეგიონის გრძელვადიანი ენერგეტიკული თუ სავაჭრო განვითარების გეგმებში საკვანძო მნიშვნელობის ფაქტორს წარმოადგენს. ბატონმა ნაზარბაევმა ხსენებული შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენა და ეკონომიკა ააყვავა, რომელშიც საშუალო ფენა დღითიდღე იზრდება.

ყაზახეთის სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა შუა აზიის რეგიონის ეკონომიკური საქმიანობის 60 პროცენტს შეიცავს მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ ერთ მეოთხედს წარმოადგენს.

გასული ათწლეულის მანძილზე ყაზახეთში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ათჯერ გაიზარდა. შედეგად ყაზახეთს მეზობელი შუა აზიური სახელმწიფოები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან და ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური განვითარების დონეს მიუახლოვდა.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ენერგეტიკის განვითარებაში 100 მილიარდი დოლარის დაბანდების შემდეგ ყაზახეთის მთავრობა შემდეგი ათწლეულის მანძილზე მსგავსი ინვესტიციის გაღებას აპირებს.

იმ შემთხვევაში თუ ყაზახეთმა შემდეგი ათწლეულის მანძილზე ნავთობის წარმოების გაორმაგებას მიაღწია, ქვეყანა მსოფლიოს 10 უმსხვილესი ნავთობის მწარმოებელი სახელმწიფოების ექსკლუზიურ კლუბს შეუერთდება.

მაგრამ ბატონ ნაზარბაევს, რომელიც ყაზახეთს 1989 წლიდან მართავს, სექტემბერში 70 წელი შეუსრულდა.

ყაზახეთის კომერციული საქმიანობის ცენტრსა და ყოფილ დედაქალაქ ალმა ატაში პოლიტიკური მეცნიერი დოსიმ სატპაევი აღნიშნავს, რომ ხსენებული ფაქტორი ბევრ ინვესტორს ადარდებს.

„ყაზახეთისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ის გახლავთ, თუ რა მოხდება პრეზიდენტ ნაზარბაევის სიკვდილის შემდეგ. სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა მხოლოდ ერთ ადამიანს, პრეზიდენტ ნაზარბაევს უკავშირდება. მთელი ჩვენი ელიტა პრეზიდენტ ნაზარბაევის ირგვლივ ტრიალებს და მისი სიკვდილის შემთხვევაში მათ შორის ძალაუფლებისთვის დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდება,“ აღნიშნა სატპაევმა.

მაისში ყაზახეთის პარლამენტმა ერთსულოვნად მიიღო კანონმდებლობა, რომელიც ბატონ ნაზარბაევს ეროვნული ლიდერის სტატუსს ანიჭებს.

გასულ თვეს საპრეზიდენტო ვადებისგან გათავისუფლებულმა და პოპულარობის მაღალი რეიტინგებით შეგულიანებულმა ნაზარბაევმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც იგი ყაზახეთს 2020 წლამდე გაუძღვება.

ყაზახი ოპოზიციონერი აქტივისტი აიდოს სარიმი აღნიშნავს, რომ ნაზარბაევს მემკვიდრე ჯერ არ აურჩევია.

სარიმის თქმით, თუ ნაზარბაევმა პუტინის მოდელი არ ირჩია, მას ქვეყნის მართვა სიცოცხლის ბოლომდე მოუხდება.

სარიმი და ყაზახეთის ოპოზიციის სხვა აქტივისტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში დემოკრატია თითქმის არ შეინიშნება. პარლამენტის ყოველი წევრი პრეზიდენტის მმართველ კოალიციაში შედის. მთავრობა პრესას და არჩევნებს აკონტროლებს. წლების მანძილზე წამყვან თანამდებობებზე ოფიციალურ პირებს ნაზარბაევი პირადად ნიშნავს. ამ მხრივ გამონაკლისს არც მსაჯულები და ადგილობრივ დონეზე საარჩევნო კომისიების თავჯდომარეები წარმოადგენენ.

სარიმი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში ასტანაში ეუთოს უმაღლესი დონის შეხვედრის გახსნამდე ყაზახეთის მთავრობამ ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას ეწეოდა, ყოველივე ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.

სარიმი დასძენს, რომ ყაზახეთის ავტორიტარული სისტემის მოდელი საბჭოთა კავშირის ბედ-იღბალს გაიმეორებს, როცა ლეონიდ ბრეჟნევის დროს ქვეყანა უძრაობის ხანაში შევიდა.