ყაზახეთის პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, მოულოდნელად პოსტიდან გადადგა. 78 წლის ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყანას თითქმის 30 წლის მანძილზე მართავდა.
განცხადება ნაზარბაევმა ასტანიდან დღეს პირდაპირ ეთერში გააკეთა. ის აცხადებს, რომ მმართველი პარტიის სათავეში კვლავ რჩება და ასევე, სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს დიდი გავლენის მქონე, სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის პოსტს. საბჭოს ყაზახეთში 2018 წლიდან არა საკონსულტაციო, არამედ კონსტიტუციური სტატუსი აქვს.
განცხადებაში ნაზარბაევმა მადლობა გადაუხადა ყაზახ ხალხს, რომელმაც მისცა "უფლება ყოფილიყო დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი". ქვეყნის მეთაურობას ამ ეტაპზე გადაიბარებს პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი კასიმ-ჯომარ ტოკაევი. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები კი 2020 წელს ჩატარდება.
უფლებადამცველები ნაზარბაევს გამუდმებით აკრიტიკებდნენ ძალაუფლების გადამეტების, არადემოკრატიული არჩევნების ჩატარების, ოპონენტების განეიტრალების და ადამიანის უფლებების უგულვებელყოფის გამო. პრეზიდენტის პოსტზე ის ბოლოს 5-წლიანი ვადით, 2015 წელს აირჩიეს.