ყაზახეთის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის დედაქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე არეულობა ჩაახშო. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მან საკუთარ ძალებს "ტერორისტების" ადგილზე დახვრეტის ბრძანება და უფლებამოსილება მისცა.
გუშინ კი მოსკოვმა ყაზახეთის მთავრობას დამხმარე ძალა გაუგზავნა. ალმათის ქუჩებში, რომელსაც პროტესტისა და შეტაკებების კვალი ჯერაც ეტყობა, იარაღის სროლის ხმა პოლიციის პატრულირების პარალელურადაც ისმოდა.
ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლებს ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ყაზახეთის საჯარო დაწესებულებათა ნაწილი დარბეული და დამწვარია. ეს ყაზახეთის დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ძალადობრივი პროცესი იყო.
პრეზიდენტმა კასიმ ჯომარტ ტოყაევმა თქვა, რომ არეულობაზე პასუხისმგებელი უცხოეთში გაწვრთნილი ტერორისტები არიან. "მებრძოლებს ჯერ არ დაუყრიათ იარაღი, ისინი განაგრძობენ დანაშაულის ჩადენას ან მათ მომზადებას. ვინც არ დანებდება, განადგურებული იქნება. მე სამართალდამცავებს ადგილზე მოკვლის ბრძანება მივეცი, გაფრთხილების გარეშე", - თქვა მან სატელევიზიო მიმართვისას.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონი ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებამოსკოვი აცხადებს, რომ ყაზახეთში ძალები 70-მდე თვითმფრინავით გადაიყვანა და ისინი ახლა ალმათის აეროპორტს იცავენ, რომელიც ხუთშაბათამდე დემონსტრანტების კონტროლის ქვეშ იყო.
დემონსტრაციები ქვეყანაში საწვავის ფასის უეცარ ზრდასთან დაკავშირებით დაიწყო. მოგვიანებით კი უფრო ფართო მოძრაობაში გადაიზარდა, რომლის უმთავრესი მოთხოვნა მთავრობის გადადგომა იყო. დემონსტრანტთა აგრესიის სამიზნე ქვეყნის ყოფილი ლიდერი, ნურსულთან ნაზარბაევიც იყო, 81 წლის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი მმართველი იყო. მან პრეზიდენტის პოსტი ტაკაევს სამი წლის წინ გადააბარა, თუმცა მოქალაქეებს სჯერათ, რომ მისი ოჯახი კვლავ დიდ ძალაუფლებას ინარჩუნებს ქვეყანაში.
დემონსტრანტთა დიდი ნაწილი ალმათში ქალაქის ღარიბი გარეუბნებიდან, ან შემოგარენში მდებარე ქალაქებიდან და სოფლებიდან ჩავიდა. ძალადობა დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რადგან ისინი ხშირად ადარებდნენ საკუთარ ქვეყანას თავიანთ მეზობლებს, სადაც მეტად ძალადობრივი და რეპრესიული რეჟიმები მოქმედებს.