მამა, ქმარი მასწავლებელი, სამხედრო ვეტერანი, მწვრთნელი, კონგრესმენი, გუბერნატორი და დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი - ასე წარადგინეს ტიმ უოლცი ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე, სადაც უოლცმა პარტიის ნომინაცია ოფიციალურად მიიღო.
„მადლობა! მადლობა პირველ რიგში კამალა ჰარისს ნდობისთვის, მადლობა ნდობის გამოცხადებისთვის, რომ ვიყო ამ შესანიშნავი კამპანიის ნაწილი. მადლობა ჯო ბაიდენს მისი 4 წლიანი ისტორიული ლიდერობისთვის. ჩემი პატივია მივიღო თქვენი ნომინაცია ვიყო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. ჩვენ აქ ვართ ერთი მარტივი მიზეზით, ჩვენ გვიყვარს ეს ქვეყანა“,- თქვა 60 წლის ტიმ უოლცმა.
ასევე ნახეთ: ამერიკა კამალა ჰარისის ისტორიული გამოსვლის მოლოდინშიდემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის სიტყვა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს მოიცავდა და ორიენტირებული იყო უფრო მეტად გამაერთიანებელ მესიჯებზე.
უოლცი, რომელსაც თითქმის 20 წლიანი საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს საუბრობდა მინესოტის მაგალითზე, რომ შესაძლებელია ყველა ადამიანმა იცხოვროს თავისუფლად, ერთმანეთის პატივისცემით, დახმარებით - რაც არ უნდა განსხვავებული შეხედულების მატარებელნი იყვნენ ისინი.
Your browser doesn’t support HTML5
„მე დავიბადე ნებრასკის შტატის პატარა ქალაქში, სადაც 400 ადამიანი ცხოვრობდა. ასეთ პატარა ქალაქში გაზრდისას, შენ სწავლობ ერთმანეთზე ზრუნვას. ქუჩის მიღმა მცხოვრები ოჯახი შეიძლება არ ფიქრობდეს ისე, როგორც შენ, შეიძლება არ ლოცულობდნენ ისე, როგორც შენ, შეიძლება მათ ისე არ უყვარდეთ როგორც შენ, მაგრამ ისინი შენი მეზობლები არიან და შენ მათზე უნდა იზრუნო და მათ შენზე“,- თქვა დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა.
60 წლის ტიმ უოლცი ფიქრობს, რომ ამერიკა უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვები არ შიმშილობენ, ჯანდაცვა და საცხოვრებელი სივრცე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და დაცული იქნება ადამიანის უფლებები.
„თქვენ ხართ ჩემთვის ყველაფერი, მთელი სამყარო“,- ასე ტიმ უოლცმა ოჯახის წევრებს, ორ შვილსა და მეუღლეს მიმართა, რომლებიც დარბაზში იმყოფებოდნენ.
ასევე ნახეთ: „ქვეყნის გამანადგურებელი“,- ტრამპი კამალა ჰარისზევიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა აბორტის უფლებაზეც და აღნიშნა, რომ ეს კონკრეტული ადამიანების კონკრეტული გადაწყვეტილებაა.
„მინესოტაში ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მეზობლებს და მათ პერსონალურ გადაწყვეტილებებს. არავისი სხვისი საქმე არ არის რა გადაწყვეტილებას მიიღებს ესა თუ ის პირი, მიხედეთ თქვენ წყეულ საქმეს!“,- თქვა ტიმ უოლცმა და აქვე აღნიშნა, რომ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ის და კამალა ჰარისი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპსა და ჯეიდი ვენსს დაამარცხებენ.
ასევე ნახეთ: დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობადემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის ბოლო დღე რამდენიმე საათში გაიხსნება და საზოგადოების წინაშე წარსდგება კამალა ჰარისი, რომელიც ოფიციალურად მიიღებს პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციას.
ყრილობის ფარგლებში დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა, ყოფილმა და მოქმედმა თანამდებობის პირებმა ამერიკის მოსახლეობას მიმართეს და მოუწოდეს 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში მხარი დაუჭირონ ჰარისსა და უოლცს, რომლთაც მათი თქმით, მომავლის ხედა აქვთ.
პარტიის ყრილობის პირველ დღეს ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, ამერიკის მოსახლეობას მოუწოდა მხარი დაუჭირონ ჰარისსა და უოლცს და შეინარჩუნონ დემოკრატია ამერიკაში.
„მზად ხართ ხმა მისცეთ თავისუფლებას?! მზად ხართ ხმა მისცეთ დემოკრატიას და ამერიკას?! მზად ხართ ხმა მისცეთ კამალა ჰარისს?!“,- თქვა ჯო ბაიდენმა.
ყრილობის მთავარი თემა, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და მომავლის ხედვაა.