ნატოს და უკრაინის გაძლიერება, მშვიდობა ღაზაში, ამერიკის საშუალო კლასისთვის საგადასახადო შეღავათები - ჰარისის პროგრამა

აშშ-ის დემოკრატთა ეროვნული ყრილობის დასკვნითი დღე ჩიკაგოში. 22 აგვისტო, 2024 წ.

22 აგვისტოს, ჩიკაგოში, დემოკრატთა ეროვნული ყრილობის დასკვნით დღეს გაკეთებულ მიმართვაში, კამალა ჰარისმა - შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატმა - 5 ნოემბრის არჩევნების წინ, საკუთარი საარჩევნო პროგრამის ნაწილი წარმოადგინა.

ჰარისი ამერიკელებს პირდება, რომ გაითვალისწინებს საშუალო კლასის მოსახლეობის ინტერესებს და მათ გადასახადებს შეუმცირებს. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კი, მან პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის თავდაცვას და ნატოს სიმტკიცეს, ასევე ხელს შეუწყობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ისრაელსა და "ჰამასს" შორის, ღაზაში მიმდინარე ომში.

ღაზა

ჰარისმა ღაზის სექტორში მეომარ მხარეებს, ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ და "ჰამასის" მიერ მძევლების სასწრაფო გათავისუფლებისკენ მოუწოდა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი, ისევე როგორც პალესტინელთა უფლებას, თვითგამორკვევის თაობაზე.

”მე ყოველთვის დავიცავ ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი”, - თქვა ჰარისმა და დასძინა: "დამღუპველია ის, რაც ღაზაში ბოლო 10 თვის განმავლობაში ხდება. ამდენი უდანაშაულო სიცოცხლე დაიკარგა, მშიერი, სასოწარკვეთილი ადამიანები უსაფრთხოების ძებნაში გამუდმებით შინიდან გარბოდნენ, გულის მომკვლელია ტანჯვის ხარისხი".

ჰარისმა ასევე გაუსხვა ხაზი თეთრ სახლში ამ ომის დასრულების ძალისხმევას. „პრეზიდენტი ბაიდენი და მე ვმუშაობთ ამ ომის დასასრულებლად ისე, რომ ისრაელი იყოს დაცული, მძევლები გაათავისუფლონ, დასრულდეს ტანჯვა ღაზაში და პალესტინელმა ხალხმა შეძლოს გააცნობიეროს ღირსების, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლება“, - თქვა მან.

ნატო და უკრაინა

უკრაინასთან და ევროპის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ჰარისმა აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს უკრაინის გვერდში დგომას, რომელიც რუსეთის აგრესიის ომის პირისპირ იმყოფება, და რომ ის მხარს დაუჭერს ნატოს ალიანსს.

„როგორც პრეზიდენტი, მე მტკიცედ ვიდგები უკრაინისა და ჩვენი ნატოს მოკავშირეების გვერდით“, - თქვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატთა პრეზიდენტობის ნომინანტმა.

ჰარისმა გაამახვილა ყურადღება კონტრასტზე, რომელიც დემოკრატებს ამ მიმართულებით, მის რესპუბლიკელ ოპონენტ, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომასთან აქვთ. ტრამპმა ნატოს წევრ ქვეყნებზე ზეწოლით, აიძულა ისინი, მეტი წვლილი შეეტანათ საერთაშორისო თავდაცვის სამხედრო ალიანსში, თუმცა ნატოსთან დაკავშირებით ამბობდა, რომ მან თავი ამოწურა და ალიანსის დატოვებითაც კი იმუქრებოდა.

ამერიკის საშუალო კლასი

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ჰარისი ამერიკელებს საშუალო კლასისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების პირობას დებს. ეს გეგმა ვიცე-პრეზიდენტმა გასულ კვირაშიც წარმოადგინა. ჰარისის თქმით, საგადასახადო შეღავათები საშუალო კლასის ამერიკელებს დაეხმარება ინფლაციასთან გამკლავებაში და საცხოვრებელი ხარჯების შემცირებაში.

დემოკრატთა ოპონენტები ამასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ მსგავსი გეგმა დიდი ალბათობით, წინააღმდეგობას გადააწყდება როგორც კონგრესის, ისე დიდი კორპორაციების მხრიდან. მსგავსი ინიციატივები ჰქონდა დემოკრატ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც, რომელმაც მცდელობის მიუხედავად, მათი კონგრესში დამტკიცება ვერ შეძლო.

Your browser doesn’t support HTML5

ამერიკა წარსულში, "უკან" არ დაბრუნდება - ჰარისი