მაიკლ ფლინს მოსამართლემ სისხლის სამართლის ბრალდება მოუხსნა

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა, 7 მაისს, პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინს, მოულოდნელად მოუხსნა სისხლის სამართლის ბრალდებები.

ამ ნაბიჯს კონგრესის დემოკრატების მხრიდან მყისიერი და მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკა განსაკუთრებით ამერიკის გენერალური პროკურორის უილიამ ბარის მიმართ გაჟღერდა, რომელსაც დემოკრატები სასამართლო სისტემის პოლიტიზირებაში და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სურვილების შესრულებაში სდებენ ბრალს, რითაც პრეზიდენტი საკუთარ მეგობრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან იცავს.

წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჯეროლდ ნადლერმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ფლინმა დანაშაული აღიარა იმაში, რომ გამომძიებლებს ტყუილი უთხრა. მის წინააღმდეგ სამხილი დამაჯერებელია. ის, რომ შეიცვალა სპეციალური გამომძიებლის გადაწყვეტილება, უპრეცედენტოა და მოითხოვს დაუყოვნებელ განმარტებას.“

გადამდგარი სამვარსკვლავიანი გენერალი ფლინი 2016 წელს ჯერ საპრეზიდენტო კანდიდატ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი იყო, ინაუგურაციის შემდეგ კი ის პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების მრჩევლად დანიშნა. ფლინი თანამდებობიდან მალევე გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მან ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მოატყუა და დაუმალა ის, რომ ინაუგურაციის წინა პერიოდში რუსეთის ელჩს შეხვდა. მოგვიანებით ფლინს გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ტყუილის თქმის ბრალდება დაუმტკიცდა.

ხუთშაბათს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი დოკუმენტების საფუძველზე, გამოძიების ფედერალური ბიურო „ცდილობდა მისთვის ტყუილის თქმა ეიძულებინა.“

ფლინი ერთ-ერთია პრეზიდენტ ტრამპის ყოფილ მრჩევლებს შორის, რომლებსაც ბრალი სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის, ეგრეთწოდებული რუსეთის გამოძიების შემდეგ წარედგინათ. მალერი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას და ტრამპის კამპანიის წევრების რუსეთთან შესაძლო თანამშრომლობას იძიებდა.