უმუშევრობა და შუალედური არჩევნები

უმუშევრობა და შუალედური არჩევნები

კონგრესის მოახლოვებული არჩევნების ფონზე უმუშევრობით გამოწვეული ამერიკელი ამომრჩევლების უკმაყოფილება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს

შვიდ კვირაში ამერიკელი ამომრჩევლები ახალი კონგრესის არჩევის მიზნით საარჩევნო უბნებში გამოცხადდებიან. პოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ეკონომიკის სავალალო მდგომარეობა და განსაკუთრებით კი უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი წლევანდელ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იქნება.

შეერთებული შტატების ეროვნული უმუშევრობის მაჩვენებელი ამჟამად 9.6 პროცენტს შეადგენს. ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის არჩევნებამდე მდგომარეობა არსებითად არ შეიცვლება.

მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი საზოგადოების შეშფოთებას იწვევს და წინასაარჩევნო ციბცხელების დროს გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, აღნიშნავს ქვინიპიაკის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ექსპერტი პიტერ ბრაუნი.

საზოგადოების ზოგად შეხედულებას ეკონომიკასა და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე უმუშევრობის დონე განსაზღვრავს. პიტერ ბრაუნი აღნიშნავს, რომ ამერიკელების განწყობა საკუთარი ეკონომიკური მომავლის მიმართ სულ უფრო პესიმისტურია. მისი თქმით:

„თეთრ სახლს უნდა ადარდებდეს ის, რომ ამერიკელების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, მაშინ როცა გაზაფხულზე საპირისპირო განწყობა შეინიშნებოდა.“

დემოკრატებს ადარდებს ის, რომ მაღალი უმუშევრობის ფონზე რესპუბლიკელები ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის არჩევნებში მნიშვნლოვან გამარჯვებებს მიაღწევენ.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცდილობს დაარწმუნოს ამომრჩევლები, რომ მისი ადმინისტრაცია ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის ყველა ღონეს ხმარობს. ამ მხრივ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე კერძო სექტორში სამუშაო ადგილების მხოლოდ უმნიშვნელო ზრდა შეინიშნებოდა.

ბატონი ობამა აღნიშნავს, რომ მილიონობით სამუშაო ადგილი ჯერ კიდევ მის 2009 წელს ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიკარგა. ობამა უმუშევრებს თანაუგრძნობს.

„თქვენ საკამოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდით. ჩვენს ქვეყანაში ბევრი უმუშევარია. ბევრი სამუშაოს ვერ პოულობს. დედები რეზიუმეებს სხვადასხვა დამქირავებლებს უშედეგოდ უგზავნიან. ბევრი შიშობს, რომ საკუთარ სახლებს დაკარგავს. ბევრს საყოფაცხოვრებო მომსახურებისთვის მოსული ანგარიშების გადახდა უჭირს. მე ყოველივე ეს კარგად მესმის,“ განაცხადა ობამამ.

რესპუბლიკელები ეკონომიკური ჩავარდნით გამოწვეულ სახალხო უკმაყოფილებას უსათუოდ გამოიყენებენ. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა ლიდერი ჯონ ბეინერი აღნიშნავს, რომ თეთრმა სახლმა და კონგრესის დემოკრატებმა უმუშევრობის დონე გაზარდეს იმის გამო, რომ მათ ეკონომიკის სტიმულირებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაფართოების მიზნით მილიარდობით დოლარი დახარჯეს. ამასთან დაკავშირებით ბეინერმა აღნიშნა:

„ვაშინგტონში სახელწმიფო დანახარჯებზე მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს. კონგრესის მიერ დამტკიცებული ახალი პროგრამებისა და პოლიტიკის გამო ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დიდი გაურკვევლობა შეიქმნა.“

ისტორიული გამოცდილება ცხადყობს, რომ დემოკრატების შეშფოთება უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის გამო სავსებით გამართლებულია.

1982 წელს რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში 26 ადგილი დაკარგეს, როცა პრეზიდენტ რონალდ რეიგანის პირველი ვადის დროს უმუშევრობის დონე 10.8 პროცენტს მიუახლოვდა.

1958 წელს რესპუბლიკელებმა 47 ადგილი დაკარგეს იმის გამო, რომ არჩევნების მოახლოვების პარალალურად უმუშევრობის დონე 4.3 პროცენტიდან 7.5 პროცენტამდე გაიზარდა.

წელს რესპუბლიკელები ალბათ 1994 წლის ტრიუმფს გაიმეორებენ, როცა წარმომადგენელთა პალატაში მათ 54 ადგილი მოიპოვეს და პირველად 40 წლის მანძილზე კონგრესის ეს ქვედა პალატა მათი სრული კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა.

ალექსანდრე მელიქიშვილი. ამერიკის ხმა. ვაშინგტონი.