შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი 96 წლის გახდა. ჯანმრთელობის პრობლემებმა და პანდემიამ მისი საქმიანობა საგრძნობლად შეზღუდა. ის ეკლესიაში წირვებს ვერ ესწრება და ვეღარც საკვირაო სკოლაში ატარებს გაკვეთილებს, მაგრამ კვლავ ჩართულია კარტერის ცენტრის ჯანდაცვისა და სამშვიდობო პროექტებში და ტელეფონით გამუდმებით ელაპარაკება დონორებს.
ყოფილი პრეზიდენტი და ქალბატონი კარტერი თვალს ადევნებენ საარჩევნო მარათონს. ისინი ჯო ბაიდენს უჭერენ მხარს. აღსანიშნავია, რომ შორეულ 1976 წელს ბაიდენი ერთ-ერთი პირველი სენატორი იყო, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ კარტერს მიემხრო. კარტერის ცენტრი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნების მონიტორინგის დიდი გამოცდილება აქვს, არსებობის ისტორიაში პირველად, 3 ნოემბერს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება.