30 წლის ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს, იაპონურ სუმოში 12 წლიანი კარიერის თავზე - ოძეკის (ჩემპიონის) პრესტიჟული წოდება მიენიჭება. ამ გადაწყვეტილებას იაპონიის სუმოს ასოციაციის (Nihon Sumō Kyōkai) დირექტორთა საბჭო ოთხშაბათს, 30 მაისს, ტოკიოში ოფიციალურად გამოიტანს.
დირექტორთა საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციით, ასოციაციის მსაჯთა კომიტეტმა ნაცუ ბაშოს დროს მიმართა, რომელზეც ლევან გორგაძემ 15-დან 13 ორთაბრძოლა მოიგო. მათ შორის, პირველად კარიერაში, ლეგენდარულ მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოსთან. აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ დირექტორთა საბჭოს მსაჯთა რეკომენდაცია არ გაეთვალისწინებინა.
ქართველ სუმოისტს იუშოს ანუ ბაშოს ჩემპიონობის მოგებაც შეეძლო, თუმცა მეორე მონღოლ იოკოძუნა კაკურიუსთან გადამწყვეტი ბრძოლის წინ მაჯა დაიზიანა, დასანანი მარცხი განიცადა და საბოლოოდ, ჯუნ-იუშოს ანუ ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა. იოკოძუნა კაკურიუმ კი იმპერატორის თასი მეხუთედ ასწია.
მებრძოლი სულისა და ტექნიკური ჭიდაობისთვის ტოჩინოშინს კანტო-შოსა და გინო-შოს სპეციალური პრიზები გადაეცა. იაპონური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ლევან გორგაძემ აღნიშნა, რომ ნაცუ ბაშოზე ნაჩვენები შედეგით ბედნიერია:
ოძეკის წოდება კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, უფრო მეტი კონცენტრაცია მომიწევს ვარჯიშზე რომ პროგრესი გავაგრძელო და უფრო მოვძლიერდე“ლევან გორგაძე, სუმოისტი
„თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს ბაშო ძალიან მნიშველოვანი იყო ჩემთვის ოძეკის რანგში დაწინაურებისთვის, მქონდა ოძეკობის კარგი შანსი. ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან, ყველაფერი ჩავდე, 13 გამარჯვება მოვიპოვე და მიზანს მივაღწიე. ამით ბედნიერი ვარ, ეს ჩემთვის ძალიან კარგი შედეგია.
შემეძლო თუ არა ჩემპიონობა? რა თქმა უნდა! როცა პირველი 12 ბრძოლა მოვიგე, ვფიქრობდი, რომ ბაშოს მოგებაც შემიძლია, სამწუხაროდ, უბრალოდ, ეს ვეღარ მოვახერხე. ოძეკის წოდება კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, უფრო მეტი კონცენტრაცია მომიწევს ვარჯიშზე, რომ პროგრესი გავაგრძელო და უფრო მოვძლიერდე.“
იაპონური სუმოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ტოჩინოშინი პირველი ქართველი, მესამე ევროპელი და მხოლოდ მეთერთმეტე უცხოელია, რომელმაც ოძეკის რანგამდე მიაღწია. პირველ იაპონელ ოძეკად მე-18 საუკუნის სუმოისტი იაკიმიუამა მიიჩნევა, მას ეს წოდება 1757 წელს მიენიჭა.
პირველი უცხოელი ოძეკი 1987 წელს ამერიკელი, ჰავაის მკვიდრი, 284 კილოგრამიანი კონიშიკი გახდა. მონღოლებიდან პირველმა ეს წოდება ლეგენდარულმა ასაშორიუმ 2002 წელს მოიპოვა, ხოლოდ ევროპელებიდან - 2006 წელს ბულგარელმა კოტოოშუმ.
ათი უცხოელი ოძეკიდან სუმოს ღმერთის, დიდი ჩემპიონის - იოკოძუნას რანგამდე აღზევება მხოლოდ ექვსმა შეძლო. ამერიკელებიდან: აკებონომ (1993) და მუსაშიმარუმ (1999), მონღოლებიდან: ასაშორიუმ (2003), ჰაკუჰომ (2007), ჰარუმაფუჯიმ (2012) და კაკურიუმ (2014). ამათგან, პროფესიული სუმოს რიგით 69-ე და 71-ე იოკოძუნები - 33 წლის ჰაკუჰო და 32 წლის კაკურიუ კარიერას დღემდე აგრძელებენ.
იაპონურ სუმოს ევროპელი იოკოძუნა არასოდეს ჰყოლია, შეუძლია თუ არა ძეგველმა ლევან გორგაძემ სუმოს ისტორიის ეს ფურცელიც გადაშალოს? ეს კითხვა სულ უფრო ხშირად ისმის ამომავალი მზის ქვეყანაში, სადაც ქართველი სუმოისტის პოპულარობა პიკს აღწევს.
ურთულესი მიზნის მისაღწევად, ტოჩინოშინმა ოძეკის რანგში ზედიზედ ორი იუშო ანუ ზედიზედ ორი ბაშო უნდა მოიგოს და თან სუმოს მოყვარულებს უმაღლესი რანგის ჭიდაობა შესთავაზოს. იაპონურ სუმოში პირველი ქართველი სეკიტორი, ამჟამად საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია იგივე კოკაი ამბობს:
ოძეკის რანგში, ტოჩინოშინმა იმპერატორის ერთი თასი მაინც უნდა მოიგოს, მინიმუმ ორი ბაშო კი 12-12 მოგებით დაასრულოს, იმპერატორის თასის ზედიზედ ორჯერ მოგება ნიშნავს რომ ჩვენ იოკოძუნა გვეყოლება"ლევან ცაგურია, საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი
„თუ ოთხშაბათს იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ მსაჯთა რეკომენდაცია დააკმაყოფილა და ლევანი ოძეკი ოფიციალურად გახდა, მაშინ უკვე ამ ახალ რანგში, მან იმპერატორის ერთი თასი მაინც უნდა მოიგოს, მინიმუმ ორი ბაშო კი 12-12 მოგებით უნდა დაასრულოს, იმპერატორის თასის ზედიზედ ორჯერ მოგება ნიშნავს რომ ჩვენ იოკოძუნა გვეყოლება. ერთადერთი მაშინებს ის, რომ მძიმე ტრავმა არ მიიღოს, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ის მზად არის.“
ძეგველი ლევან გორგაძე იაპონურ პროფესიულ სუმოში 2006 წლიდან ასპარეზობს, თუმცა მისი აღზევება 2018 წლის იანვრიდან დაიწყო, როცა ყველასათვის მოულოდნელად, რიგითი მოჭიდავის, დასავლეთის მე-3 მაეგაშირას რანგში, ქართველმა ტოკიოს კოკუგიკანის არენაზე, ჰაცუ ბაშო მოიგო და იაპონიის იმპერატორის თასი პირველად ასწია.
მარტში, ოსაკაში, ჰარუ ბაშოზე აღმოსავლეთის სეკივაკეს რანგში ტოჩინოშინმა 10 გამარჯვება მოიპოვა და დასავლეთის სეკივაკეს რანგს მიაღწია. 13-მა გამარჯვებამ და 174 კენშომ (სპონსორების ჰონორარმა), კვირას, ტოკიოში დასრულებულ ნაცუ-ბაშოზე კი ქართველს უკვე ოძეკის ტიტული და 10 მილიონ 440 ათასი იენი მოუტანა, რაც დაახლოებით 236 ათასი ლარია.
რანგის მატებასთან ერთად იზრდება ხელფასიც - ამიერიდან თვეში ტოჩი 2 350 000 იენს ანუ 53 000 ლარს მიიღებს. ოძეკს აქვს უფლება ავტომანქანითაც ისარგებლოს, თუმცა დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე, ტოკიოი, ლევან გორგაძემ თქვა, რომ ისევ ფეხით ან ველოსიპედით სიარულს ამჯობინებს.
191 სანტიმეტრის სიმაღლის, უკვე ოძეკი ტოჩინოშის ხილვა, რომელიც 169 კილოს იწონის 8-22 ივლისს ნაგოიას ბაშოზე შეგვეძლება, სადაც ქართველი სუმოისტის მთავარი კონკურენტები ისევ სუმოს ბანძუკეს (რეიტინგის) ლიდერები: იოკოძუნები კაკურიუ, ჰაკუჰო, კისენოსატო და ოძეკები: გოეიდო და ტაკაიასუ იქნებიან.
2018 წლის შემოდგომაზე, სუმოს მოყვარულებს კიდევ ორი დასკვნითი ბაშო ელით, სექტემბერში - აკი ბაშო ტოკიოში და ნოემბერში, ფუკუოკას ბაშო, კუნძულ კიუ-შიუზე.
უცხოელი სუმოისტები, რომლებსაც ოძეკის წოდება მიენიჭათ
1987 - კონიშიკი (აშშ)
1992 - აკებონო (აშშ)
1994 - მუსაშიმარუ (აშშ)
2002 - ასაშორიუ (მონღოლეთი)
2006 - კოტოოშუ (ბულგარეთი)
2006 - ჰაკუჰო (მონღოლეთი)
2009 - ჰარუმაფუჯი (მონღოლეთი)
2010 - ბარუტო (ესტონეთი)
2012 - კაკურიუ (მონღოლეთი)
2015 - ტერუნოფუჯი (მონღოლეთი)
2018 - ტოჩინოშინი (საქართველო)