იაპონიის პრემიერი უმასპინძლებს დიდი შვიდეულის შეხვედრას, რომელსაც ზელენსკიც დაესწრება

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ამბობს, რომ იაპონია პარასკევს, 24 თებერვალს დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრას ონლაინ უმასპინძლებს. მისი განცხადებით, ამ შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

გარდა ამისა, იაპონია უკრაინას დამატებით 5,5 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას ჰპირდება. პარასკევს ზუსტად ერთი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ყოველგვარი პროვოცირების გარეშე შეიჭრა და იქ მსხვილმასშტაბიანი ომი დაიწყო.

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების შეხვედრის მიზანია, კიდევ ერთხელ დააფიქსირონ თავიანთი მხარდაჭერა უკრაინისადმი. ასევე, ხაზი გაესმება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელების და აღსრულების მნიშვნელობას, რითაც ამ ქვეყნების ერთიანობაც წარმოჩინდება. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის სააგენტო "კიოდო" ავრცელებს.