ჰიროშიმას ატომური იარაღით დაბომბვას გადარჩენილები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ჰიროშიმაში, რათა პატივი მიეგოთ დაღუპულთა ხსოვნისთვის. წელს ჰიროშიმას ტრაგედიიდან 75 წელი შესრულდა.
ჰიროშიმას მემორიალურ პარკში შეკრებილებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი გარდაცვლილებს 8:15 წუთზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც ჰიროშიმას თავზე ბომბი მეტსახელად "პატარა ბიჭუნა" ჩამოაგდეს ამერიკელმა სამხედროებმა. მაშინ 140,000 ადამიანი მოკვდა, ქალაქი კი ნანგრევებად იქცა.
წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ცერემონიას მხოლოდ ჰიროშიმას დაბომბვას გადარჩენილები, "ჰიბაკუშა", როგორც მათ იაპონიაში უწოდებენ და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.
ცერემონიაზე სიტყვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე გამოვიდა. წინა წლის მსგავსად, მან ატომური იარაღისგან თავისუფალი სამყაროს არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ იაპონიას შეუძლია გახდეს ხიდი მსოფლიოში ატომური იარაღის ყველაზე დიდ მწარმოებლებს შორის, რათა მათ შეთანხმებას მიაღწიონ.
ჰიროშიმას მერმა, კაზუმი მაცუიმ, წელსაც მოუწოდა იაპონიის მთავრობას ხელი მოაწეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეთანხმებას ატომური იარაღის აკრძალვასთან დაკავშირებით. იაპონია ასევე ამერიკის ატომური არსენალის მფარველობის ქვეშაა, მიუხედავად იმისა, რომ ტოკიოს პირობა აქვს დადებული, რომ არ ექნება შეხება ატომურ იარაღთან.
ჰიროშიმას დაბომბვამდე სამი დღით ადრე, ამერიკამ კიდევ ერთი იაპონური ქალაქი, ნაგასაკი დაბომბა. ატომური იარაღის ჩამოგდებამ იქ 70,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.