გასულ კვირას იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა 140 წლის მანძილზე ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა. არნახულმა ბუნებრივმა კატასტროფამ მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. აღსანიშნავია ისიც, რომ 8.9 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა აზიის რეგიონის საფონდო ბირჟებზე სავაჭრო სესიის დასრულებას დამეთხვა, რის შედეგადაც იაპონიის ნიკეის ინდექსი მნიშვნელოვნად დაეცა და გლობალურ ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების გაყიდვა დაიწყო. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მილ არსეგა იუწყება, რომ ეკონომისტები მიწისძვრით გამოწვეული ფინანსური ზარალის შეფასებას ცდილობენ.
სუპერმარკეტში დამონტაჟებული ვიდეო კამერა კარგად აფიქსირებს იმ პანიკას, რომელიც იაპონიაში მომხდარ მიწისძვრას მოჰყვა. იაპონიის ისტორიაში ას წელზე მეტი ხნის მანძილზე ეს ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა ტოკიოს საფონდო ბირჟის დახურვამდე მოხდა, რამაც ნიკეის ინდექსი ხუთი კვირის მანძილზე ყველაზე დაბალ დონემდე მიიყვანა.
ევროპის ბაზრებზე იგივე დაცემა დაფიქსირდა. განსაკუთრებით დაზარალდნენ სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც ახლა უძრავი საკუთრების დაზიანებასთან დაკავშირებული ანაზღაურების გადახდა მოუხდებათ. თუმცა მიწისძვრის სიძლიერის გათვალისწინებით, უძრავი ქონების ბაზრის ანალიტიკოსი ბენ კოლეტი აღნიშნავს, რომ ბაზრის რეაქცია შეიძლება ბევრად უარესი ყოფილიყო.
„ამჟამად ბაზრის რეაქცია საკმაოდ ზომიერი მეჩვენება, თუ გავითვალის - წინებთ იმას თუ რამდენად დამანგრეველი იყო მიწისძვრა. ამდენად აშკარაა ის, რომ ბაზარი მნიშვნელოვნად არ დაზარალდა,“ - აღნიშნა ბენ კოლეტმა.
ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ იაპონიის მიწისძვრა და მიწისძვრით გამოწვეული ცუნამი გრძელვადიან პერსპექტივაში მსოფლიო ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენს რადგან შედეგად იაპონიიდან ავტომან - ქანებისა და ტექნოლოგიური ნაწარმის ექსპორტი საგრძნობლად შემცირდება. ექსპერტები ხაზს უსვამენ აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მასიური მიწისძვრა იაპონიაში ყველაზე ცუდ დროს მოხდა, მაშინ როცა მსოფლიოს მესამე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას ეკონომიკური გამოცოცხლების ნიშნები დაეტყო.