ივანკა ტრამპი ბერლინში ქალთა ეკონომიკურ სამიტში მონაწილეობს

ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილი და მრჩეველი ივანკა ტრამპი ბერლნში, პირველი ვიზიტით იმყოფება. ის გერმანიაში ქალთა ეკონომიკურ სამიტში იღებს მონაწილეობას, რომელსაც წარმატებული ქალი მეწარმეები და ლიდერები ესწრებიან ე.წ. „დიდი ოცეულის“ ქვეყნებიდან.

პრეზიდენტის ქალიშვილი ამბობს, რომ მისი და იმ ქალების გამოციდლება, რომლებიც ტრამპის ბიზნეს იმპერიაში დიდი ხანია მუშაობენ ან მუშაობდნენ აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ ქალებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ და მათ შეუძლიათ საქმის ისევე კარგად კეთება, როგორც ნებისმიერ მამაკაცს.

ივანკა ტრამპი ერთ-ერთი პანელ-დისკუსიის მონაწილე იყო, სადაც ქალ მეწარმეთა გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის გამუდმებით ფიქრობს, როგორ შეიძლება მათი მხარდაჭერა და მათი წარმატების ხელშეწყობა.

„მე მართლაც ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ ქალების როლი ეკონომიკაში, როგორც ამერიკის ფარგლებში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილმა. მისი თქმით, ამერიკაში კარგი ბიზნეს-კლიმატია ქალი მეწარმეებისთვის. თუმცა ჯერჯერობით ისინი კერძო ბიზნეს კომპანიების მხოლოდ 30 % -ის მფლობელებად გვევლინებიან, რაც ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ ქალები ამერიიკის მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ.

ამავე პანელ-დისკუსიის მონაწილეთა შორის იყვნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი.

ორდრიან სამიტში ასევე მონაწილეობენ სხვა ქალი ლიდერებიც მთელი მსოფლიოდან, მაგალითად კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ქრისტია ფრილანდი და ნიდერლანდების დედოფალი მაქსიმა.

ივანკა ტრამპი სამიტზე კანცლერმა მერკელმა დაპატიჟა. ამ დაპატიჟებამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრის აზრით, ეს თეთრ სახლში არც ისე წარმატებული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპის გულის მოგების მცდელობა იყო.

ვიზიტის ფარგლებში ივანკა ტრამპმა ევროპასი მოკლულ ებრაელთა მემორიალიც მოინახულა.

ივანკა ტრამპი ამჟამად მამაისის, ამერიკის პრეზიდენტის არაფორმალური მრჩეველი და საპრეზიდენტო გუნდის წევრია. როგორც ექსპერტები ამბობენ, თეთრი სახლის დასავლეთ ფრთაში მისი გავლენა უფრო და უფრო იზრდება. ამასთან მისი მეუღლე, ჯარედ კუშნერი პრეზიდენტის მთავარ მრჩევლადაა დანიშნული. რაც შეეხება ეთიკურ დილემებს, ამგვარ შეკითხვებზე პასუხად გასულ თვეში ივანკა ტრამპმა თქვა, რომ ის განაგრძობს პრეზიდენტის მრჩევლის ფუნქციის შესრულებას, თუმცა ამისთვის ფინანსურ ანაზღაურებას არ მიიღებს.