მარიო მონტი მთავრობის ფორმირებას შეუდგა

მარიო მონტი მთავრობის ფორმირებას შეუდგა

იტალიის პრემიერ-მინისტრს და ევროკავშირის ყოფილ კომისარს მარიო მონტის ქვეყნის პრეზიდენტმა ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა. მანამდე პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ იტალიის წამყვან პოლიტიკურ ჯგუფებთან 17 შეხვედრა გამართა. მარიო მონტიმ განაცხადა, რომ ის ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის იბრძოლებს.

„მე განზრახული მაქვს შევასრულო ეს დავალება უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით ჩვენი ქვეყნის მიმართ, იტალიისთვის ამ კონკრეტულ რთულ პერიოდში, როდესაც ევროპასა და მთელ მსოფლიოში დიდი რყევებია. ქვეყანას სჭირდება ამ გამოწვევის დაძლევა,“ - განაცხადა მარიო მონტიმ.

ყოფილი კოალციის პარტნიორმა, ჩრდილოეთის ლიგამ, უარი თქვა მარიო მონტის მხარდაჭერაზე და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. ანალიტიკოსების თქმით, ეს არის იმის ნიშანი, რომ პრემიერ-მინისტრს უდიდესი დაბრკოლება შეხვდება ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების გზაზე, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა, რათა იტალიის დავალიანება შეამციროს.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე მარია მონტის დასახელებამდე თანამდებობა დატოვა ყოფილმა პრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ, რასაც რომის ქუჩებში გამოსული ხალხი ოვაციებით შეხვდა.