იტალიის პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი, აცხადებს, რომ ის გადადგება, თუკი პარლამენტი ეკონომიკური რეფორმის პაკეტს მიიღებს.
დღეს იტალიის 10-წლიან ბონდებზე საპროცენტო განაკვეთი 7 პროცენტამდე გაიზარდა. როდესაც საბერძნეთის, ირლანდიის და პორტუგალიის სესხზე საპროცენტო განაკვეთმა 7 პროცენტს გადააჭარბა, მათ ფინანსური სტიმულირების პაკეტები მოითხოვეს.
ბატონმა ბერლუსკონიმ გადადგომის შესახებ გუშინ იმის შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის ქვედა პალატაში რუტინულ საბიუჯეტო საკითხებზე კენჭისყრის დროს ხმათა უმრავლესობა დაკარგა. ოპოზიციამ პრემიერის გადადგომა მოითხოვა.
ბერლუსკონი ევროზონის ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. საბერძნეთისმაგვარი ფინანსური კრიზისის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირის ლიდერები მისგან საბიუჯეტო ცვლილებებს ითხოვენ. იტალიის პარლამენტის ორივე პალატამ რეფორმას ხმა ამ თვის განმავლობაში უნდა მისცეს.